საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან პოლიტიკურ ბარ “პარლამენტში” ვიდეოჩართვის დროს განაცხადა:
“გიგა ბოკერიასთან მე ჩემი განსხვავება მაქვს, მაგრამ ახლა მის წინააღმდეგ რაც მიმდინარეობს, სუფთა პოლიტიკური დევნაა. მიმაჩნია, რომ გიგა ბოკერია ათი თავით სჯობს ვოლსკის, ფარცხალაძეს.. [მათ] არც შევადარებ”, – თქვა სააკაშვილმა.
ამ დროისთვის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. საქმე ეხება 2013 წლამდე პერიოდს, როდესაც უშიშროების საბჭოს ამჟამად “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა. გამოძიების ფარგლებში 15 დეკემბერს გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
“გამოძიებას გააჩნია კითხვები გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ 15 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერია “მთავარი არხის” ეთერში რამდენიმე თვის წინ “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში დაადანაშაულა. მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”:
“რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან.
მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებაა ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ქართული ფასეულობები, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული”, – ამბობდა სააკაშვილი.