ახალი ამბები

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

15 დეკემბერი, 2019 • 1531
გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ნეტაზეთს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს საქმე ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდს უკავშირდება. საგამოძიებო უწყებაში ბოკერია ხვალ, 16 დეკემბერს არის დაბარებული.

გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, რომ გამოკითხვაზე დაბარება უშიშროების საბჭოში მის საქმიანობას უკავშირდება:

“ეს არის ძველი საქმე, რომელზეც ხუთი ან შესაძლოა მეტი წელია აღარ შევუწუხებივართ, თუმცა ახლა გაახსენდათ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება… ივანიშვილი საჯაროდაც საუბრობდა მაშინ და საჯაროდ იმუქრებოდა. მაშინ ამ საქმეზე ვრცლად დამკითხეს, კონკრეტულად ჩემს მაშინდელ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე. გვახსოვს ივანიშვილმა თავის ინტერვიუში დაჭერები დააანონსა. ახლა არ ვიცი რამდენად შორს წავლენ, თუმცა ეს [პროკურატურაში დაბარება] მაგას გავს.”

პროკურატურის ინფორმაციით, ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. უწყების ცნობითვე, რადგან ბოკერია პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს, გენერალური პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს მისი გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის მიერ მოხდეს.

“გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით,”-აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი