ახალი ამბები

შეიძლება ტექნიკური შეცდომა იყოს, მაგრამ არა პლაგიატი – შარვაშიძე

22 იანვარი, 2020 • 2612
შეიძლება ტექნიკური შეცდომა იყოს, მაგრამ არა პლაგიატი – შარვაშიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ადასტურებს, რომ სადოქტორო დისერტაციაში მართლაც გამოიყენა სხვა, საჯარო დოკუმენტი, რომლის თანაავტორიც იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს პლაგიატი არ არის. ამის შესახებ შარვაშიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საექსპერტო ჯგუფის გარდა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, მუშაობდა კიდევ ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა დავალება, რომ უნდა შეექმნა აღნიშნული დოკუმენტი და ყველაზე მეტი პრეტენზია ვისაც უნდა ჰქონდეს, არიან ჯგუფის წევრები, მაგრამ რადგან ეს არის საკანონმდებლო დოკუმენტი, ამდენად, ამაზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები”, – განაცხადა შარვაშიძემ.

შარვაშიძის თქმით, “პლაგიატი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ვიღაც არის დაზარალებული, რომ ვიღაცის აზრები ან ინფორმაცია წამოვიღე და გამოვიყენე, მივითვისე“.

შარვაშიძის თქმით, ასევე, დისერტაციაში სადავო დოკუმენტი აღნიშნულია, თუმცა არ არის ჩამოტანილი სქოლიოში, რაც მხოლოდ ტექნიკური პრობლემა შეიძლება იყოს:

“დისერტაციაში არის ნახსენები ეს დოკუმენტი, ეს არ არის სქოლიოში ჩამოტანილი, არათუ ნახსენებია, არამედ ყველა ნაბიჯზე დისერტაციაში, ავტორეფერატშიც, რასაკვრიველია, ყველა, ვინც მონაწილეობდა სამუშაოში, არის ჩამოთვლილი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი, არამედ მადლობები აქვთ გამოცხადებული შრომისათვის… ეს არის ტექნოლოგია, ეს არის ტექნიკური საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის პლაგიატი”, – განმარტა შარვაშიძემ.

თსუ-ის რექტორის თქმით, თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ მისი საავტორო უფლებები დაირღვა, სასამართლოში უნდა იჩივლოს, თვითონ კი პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვეტილი არ აქვს და ამბობს, რომ ფიქრობს.

შარვაშიძის განამრატებით, მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით კითხვები პირველად არ გაჩენილა და აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ორჯერ მიმართეს უნივერსიტეტს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს არის უნევრსიტეტის თუ მისი პერსონის დისკრედიტაციის მცდელობა, შარვაშიძემ უპასუხა, რომ “როდესაც პერსონა არის რექტორი უნივერსიტეტის, ეს არის არა პერსონალური შეტევა, არამედ უნივერსიტეტზე შეტევა”.

შარვაშიძემ დაადასტურა, რომ დისერტაციაში გამოყენებული აქვს საპარლამენტო დადგენილება, რომელიც ბროშურის სახით არის გამოცემული და რომლის თანაავტორიც თვითონაც იყო, თუმცა აცხადებს, რომ „მისი მითვისება არ მომხდარა, ეს არის საჯარო დოკუმენტი“.

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ, „თავისუფლების მონიტორმა“. შარვაშიძე პლაგიატს თავიდანვე უარყოფდა. საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა.

მოგვიანებით თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

ვრცლად:

თსუ-ის რექტორ შარვაშიძეს პლაგიატი დაუდასტურდა – იაგო კაჭკაჭიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი