ახალი ამბები

თსუ-ის რექტორ შარვაშიძეს პლაგიატი დაუდასტურდა – იაგო კაჭკაჭიშვილი

21 იანვარი, 2020 •
თსუ-ის რექტორ შარვაშიძეს პლაგიატი დაუდასტურდა – იაგო კაჭკაჭიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა.

[21 იანვარი, 17:45 — განახლება საპასუხო კომენტარით: თსუ რექტორის დისერტაციის ხელახალ შემოწმებას არ აპირებს]

საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა.

კაჭკაჭიშვილის თანახმად, დასკვნა, რომ ამ ნაშრომში პლაგიატი დასტურდება, ეკუთვნის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს — სულხან-საბას უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრეს. პროფესორი კაჭკაჭიშვილი ციტირებს ილიაუნის დასკვნას:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ იაგო კაჭკაშვილმა ილიას უნივერსიტეტს ოფიციალური წერილით მიმართა და ითხოვა ნაშრომების შემოწმება, რაც პროგრამა Turnitit-ის გამოყენებით შეამოწმეს და შესაბამისი დასკვნა მოამზადეს.

იაგო კაჭკაჭიშვილმა „ნეტგაზეთს“ მიაწოდა აღნიშნული დასკვნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ილიაუნის დასკვნა შარვაშიძის ნაშრომის პლაგიატზე

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ, „თავისუფლების მონიტორმა“. შარვაშიძე პლაგიატს უარყოფდა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, შარვაშიძის დისერტაციაში „სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი 2002 წელს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოცემული დოკუმენტი, — 40 გვერდი — ოღონდ ისე, რომ წყარო მითითებული არ არის“. კაჭკაჭიშვილის თანახმად, ილიაუნის დასკვნა ამ ბრალდებას ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ შარვაშიძე ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორია, თუმცა ამ ნაშრომის ერთადერთი ავტორი არ ყოფილა და, როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, დოკუმენტი არის „ექსპერტთა ჯგუფის ინტელექტუალური შრომის ნაყოფი“.

თსუ-ს რეაგირება

იაგო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ ელოდა თსუ-ის რეაქციას, თუმცა, მისი თქით, „ეს სამარცხვინო ფაქტი რექტორის კულუარულ-მანიპულატორული ძალისხმევით მიიჩქმალა“. ის ასე აღწერს ამ პროცესს:

„რექტორმა, ცალკეული პროფესორების მონაწილეობით, შეთხზა ასეთი აბსურდული ვარიანტი: თავისი დისერტაცია გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turnitin) ისე, რომ ამავე პროგრამაში, შედარების მიზნით, არ შეუტანია ბროშურა, რომლის ტექსტიც მან თავის დისერტაციაში უცვლელად გადაიტანა და რომლის ავტორი თავად არ არის“.

კაჭკაჭიშვილის თანახმადვე, „ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა“, რის შემდეგაც „თსუ-ის რექტორმაც აკადემიურ საბჭოზე სასწრაფოდ გაიტანა საკითხი მისი უცოდველობის შესახებ“.

„შარვაშიძეს და მის თითზე ჩამოსათვლელ დამცველებს ასეთი „არგუმენტი“ მოაქვთ: ეს 41- გვერდიანი ტექსტი პარლამენტის დადგენილებაა, ხოლო დადგენილებას ციტირება არ ეხებაო. უსუსური არგუმენტია: ჯერ ერთი, ეს ტექსტი (რომელიც მანამდე ბროშურის სახით გამოიცა) არის დადგენილების განმარტებითი ბარათი, მისი კონცეპტუალური საფუძველი და ექსპერტთა ჯგუფის ინტელექტუალური შრომის ნაყოფი. ამდენად, მოხდა არა დადგენილების, არამედ საექსპერტო პროდუქტის გამოყენება მისი დამოწმების გარეშე; და მეორეც, რომელი დისერტაცია გულისხმობს 41- გვერდიანი თუნდაც დადგენილების უცვლელად გადატანას და დისერტაციის ერთ სრულ თავად ქცევას, მითითების გარეშე“? – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

რექტორის შესახებ

გიორგი შარვაშიძე თსუ-ის რექტორი 2016 წლის სექტემბერში გახდა. მანამდე იგი განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შარვაშიძემ რექტორის პოზიციაზე ვლადიმერ პაპავა შეცვალა. ვლადიმერ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით [თუმცა, როგორც თავად პაპავა ამბობს, მის გადაწყვეტილებაზე არცერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა].

შენიშვნა: მასალა განახლებულია და ჩამატებულა ილიაუნის დასკვნა

ნახეთ თსუ-ის საპასუხო კომენტარები ამ ამბავზე:

თსუ არ აპირებს რექტორის დისერტაციის ხელახალ შემოწმებას

მასალების გადაბეჭდვის წესი