ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა „ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის.
„ტვ პირველის“ ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილებას კირვალიძის პროტესტი მოჰყვა: – „შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა“, – მიმართა მან მოსამართლეს მედიის ცნობით.
„ტვ პირველი“ ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მან კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ივანიშვილს.
ივნისში, სასამართლო პროცესზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გიორგი კირვალიძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა: „გააუქმეთ, ბიძინას დედასაც შე***ი“.
გიორგი კირვალიძემ, ისევე როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა სხვა 30-ზე მეტმა პირმა, თავად მიმართა პროკურატურას საპროცესოს შეთანხმების თხოვნით. შეთანხმების პირობების მიხედვით, ისინი 1 წელს გაატარებენ ციხეში და 3 წელი პირობითი ექნებათ.
აგვისტოს ბოლოს სააპელაციო სასამართლომ პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება გაუუქმა. შეთანხმების გაუქმება პროკურატურამ მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოში კირვალიძემ თქვა, რომ საპროცესოს გაფორმებისას მისი სიტყვები აღელვებას უკავშირდებოდა.
გიორგი კირვალიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით:
- ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).
