ახალი ამბები

ლომჯარიას შეფასებით, დეპუტატებს პრობლემების ნაცვლად პოზიტიურ ცვლილებებზე სურთ საუბარი

21 იანვარი, 2020 •
ლომჯარიას შეფასებით, დეპუტატებს პრობლემების ნაცვლად პოზიტიურ ცვლილებებზე სურთ საუბარი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ დეპუტატებმა ციხეებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ომბუდსმენის ანგარიშის მიმართ უფრო გამოავლინეს სკეპტიკური დამოკიდებულება, ვიდრე მასში ასახული ფაქტებისადმი.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა მოხსენება N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საუბარია ძალადობაზე, რომელსაც პატიმრები განიცდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების მხრიდან. ანგარიშში საუბარია არაფორმალური მმართველებზე – ე.წ. “ციხის ავტორიტეტებზე” და კონკრეტულ პატიმრებზე, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მითითებით ფიზიკურად უსწორდებიან სხვა მსჯავრდებულებს.

სხდომას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც სახალხო დამცველი გააკრიტიკა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.

“კომიტეტის არაერთი წევრი, დეპუტატი, პოზიტიურ ცვლილებებზე საუბარს ითხოვს. ამ ანგარიშში არის გარკვეულ საკითხებზე საუბარი, თუმცა მე ვისურვებდი, რომ დღეს მაინც კომიტეტის წევრებს და დეპუტატებს ეს სკეპტიკური დამოკიდებულება გამოეჩინათ არა სახალხო დამცველის და მისი ანგარიშის მიმართ, არამედ იუსტიციის სამინისტროს და მათი წარმომადგენლის მიმართ. იმიტომ, რომ მე ასე წარმომიდგენია სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაკნინებ დღევანდელი განხილვის მნიშვნელობას. თუმცა მეჩვენება, რომ უფრო მეტად სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ არსებობს კითხვები და ნდობის ნაკლებობა, ვიდრე იმ ფაქტის მიმართ, რომ ეს ფაქტები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს, შესაძლოა, ეს იყოს სწორი. ვისურვებდი, რომ ეს დამოკიდებულება შეცვლილიყო”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მან პარალელი გაავლო 2012 წლამდე მსგავს განხილვებთან, როდესაც პარლამენტის წევრები მმართველი პარტიიდან უკმაყოფილო იყვნენ ომბუდსმენის ანგარიშით და აკრიტიკებდნენ მას.

“ამბობდნენ, რომ ეს ინფორმაცია არ იყო დასაბუთებული, თითქოსდა სახელი და გვარები არ იყო მოცემული, კონკრეტულ ფაქტებზე არ იყო საუბარი. ფაქტია, რომ სახალხო დამცველი საუბრობდა იქ არსებულ ვითარებაზე და იმის გამო, რომ წაუყრუა პარლამენტმა, ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა ამ პრობლემის ხანგრძლივმა უგულბელყოფამ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამ თემაზე:

ქუთაისის ციხეში პატიმარი, ადმინისტრაციის დავალებით, სხვა პატიმრებს სცემს – ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი