ახალი ამბები

ქუთაისის ციხეში პატიმარი, ადმინისტრაციის დავალებით, სხვა პატიმრებს სცემს – ომბუდსმენი

24 დეკემბერი, 2019 • 2997
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ადმინისტრაციის დავალებით, სხვა პატიმრებს სცემს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საუბარია ძალადობაზე, რომელსაც პატიმრები განიცდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების მხრიდან. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არაფორმალური მმართველები მსჯავრდებულებს უხსნიან, რომ პრობლემის ქონის შემთხევაში მათ უნდა მიმართონ და ისინი შეეცდებიან ამ პრობლემის მოგვარებას, ხოლო თუ ასე არ მოიქცევიან, პასუხს აგებენ.

სახალხო დამცველის თანახმად, არაფორმალური მმართველობის გავლენა და დაწესებულებებზე არსებული კონტროლი განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ნახევრად ღია დაწესებულებებში. N14 და N15 დაწესებულებებში განხორციელებული ჯგუფური გასაუბრების დროს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს საცხოვრებელ კორპუსში და ეზოში დაჰყვებოდა მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი, სავარაუდოდ, კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრები, რომელიც სხვა მსჯავრდებულებს გულახდილად საუბრის საშუალებას არ აძლევდა. მსჯავრდებულთა უმრავლესობა ამბობდა, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა და განუწყვეტლივ იხსენებდნენ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ადმინისტრაციის მხრიდან სასტიკ რეპრესიებს განიცდიდნენ.

რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობას, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს N14 და N15 დაწესებულებებში მონიტორინგისას ასეთი ინფორმაცია არ მიუღია. N8 და N2 დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში კი პრევენციულმა ჯგუფმა სამ შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია 2019 წლის განმავლობაში თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტების შესახებ.

კერძოდ, N8 დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი პატიმრის ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომელმა მკერდში მუშტი 3-ჯერ დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პატიმრის თქმით, იმავე თანამშრომელმა მის თანამესაკნესაც დაარტყა ხელი სახეში. ვიზიტების დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, N2 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა თანამშრომლის მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტებს – დაწესებულების თანამშრომლები ერთ-ერთი პატიმრის დასამორჩილებლად მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას. ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია დეესკალაციის ოთახში პატიმრების მიმართ არსებულ დამამცირებელ მოპყრობასა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებზე.

რამდენიმე პატიმრისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, N2 დაწესებულებაში (ქუთაისის ციხე) ასევე იმყოფება კონკრეტული პატიმარი, რომელიც ადმინისტრაციის მითითებით ფიზიკურად უსწორდება პატიმრებს. ამასთან, თანამშრომლები სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ პატიმრებს მიმართავენ უხეშად და დამამცირებლად, მაგალითად: „ჩაიკმინდე ხმა“. საღამოს, საკნების დაკეტვისას, მიმართავენ ერთმანეთს ფრაზებით: „შეათრიე საკნებში“ და „შედენე საკნებში“.

N8 დაწესებულებაში გამოკითხული რამდენიმე პატიმრის თქმით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას ხშირად მოსდით კონფლიქტი დაწესებულების თანამშრომლებთან, რომლებიც ემუქრებიან პირობების გაუარესებით და იზოლირებით. ასეთ კონფლიქტურ სიტუაციას მონიტორინგის ჯგუფიც შეესწრო.

სახალხო დამცველი საუბრობს პატიმართა შორის ძალადობაზეც. დაპირისპირების მიზეზს ძირითადად წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საკითხები, ერთი პატიმრის მიერ მეორე პატიმრის სატელეფონო ბარათის უნებართვოდ გამოყენება, სიგარეტის მოთხოვნა/წართმევა და თანხის გამოძალვა. ომბუდსმენის ცნობით, დაპირისპირების მიზეზი ზოგჯერ ასევე ხდება რელიგიური შეხედულებები, ეთნიკური წარმომავლობა და ენობრივი ბარიერით გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემა. ამასთანავე, დაწესებულებებში ხშირია თანამესაკნეებთან კონფლიქტების მიზეზით საკნის შეცვლის პრაქტიკა, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით მიანიშნებს იმაზე, რომ პატიმრების გარკვეული რაოდენობა ვერ გრძნობს საკნებში თავს უსაფრთხოდ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა შორის ფიზიკური ძალადობის შემთხვევების არსებობა დასტურდება დაწესებულებებში წარმოებული დოკუმენტაციით. ამასთან, პატიმართა შორის კონფლიქტური სიტუაციები ადგილზევე “გვარდება მაყურებლის” მიერ. #15 დაწესებულებაში „მაყურებლები“ რეგიონების, სართულების, ფლიგელების და სხვა სივრცეების მიხედვით არიან გადანაწილებული. შესაბამისად, ე.წ. „ზონის“ საკითხებს “აგვარებს” არაფორმალური მმართველი, ხოლო სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულთა საკითხებს აწესრიგებს ბრიგადირი.

“მაყურებლის“ მიერ საქმის გარჩევის შემთხვევაში, შესაძლოა კონკრეტულ პატიმარს მიაყენონ ფიზიკური შეურაცხყოფა, დაამცირონ, გარიყონ მათი სოციუმიდან და აიძულონ გადავიდეს, მათი შეხედულებით, დაბალი სტატუსის პატიმართა კატეგორიაში. გარდა ფიზიკური ძალადობისა, დაწესებულებები ასევე მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებით ხასიათდება. რეპრესიების შიშიდან გამომდინარე, პატიმრები იძულებული არიან დაიცვან არაფორმალური წესები”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ N8 დაწესებულების პატიმრები ერთ-ერთ თანამესაკნე პატიმარს თანხას ძალავდნენ და უარის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ N8 დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან განთავსებული ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები ხშირად თანამესაკნეების მხრიდან განიცდიან ჩაგვრას, დამცირებას, აბუჩად იგდებენ მათ, კუთვნილი საკვების ნაწილს არ აძლევენ, აძალებენ დამამცირებელი საქმის გაკეთებას და შეიძლება “წამოარტყან კიდეც”, წარმოიქმნება კონფლიქტი, რაც ხშირად ფსიქიატრიული პაციენტის დეესკალაციის ოთახში ან უსაფრთხო საკანში გადაყვანის მიზეზი ხდება.

“არაფორმალური მმართველობის პირობებში, ადგილი აქვს პატიმართა კატეგორიებად დაყოფას და სტიგმატიზირებას. სამეურნეო სამსახურში დასაქმებული და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, არიან სტიგმატიზირებულები და ციხის ცხოვრებისგან იზოლირებულები. დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები არ აღიქმებიან თანასწორ ადამიანებად. მოიხსენიებენ დამაკნინებელი სახელებით, განთავსებულნი არიან განცალკევებით (რკინის კარის გამყოფით), აქვთ ცალკე გრძელვადიანი პაემნების ოთახი, ასევე, საშხაპე ოთახი, ცალკე ქვაბში იხარშება მათი საკვები. ყოველგვარი კონტაქტის შემთხვევაში, პატიმარი იძულებული ხდება თავი დაიზიანოს ან დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმარს მიაყენოს დაზიანება. ეს წესი იცის ყველა პატიმარმა”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

პატიმრები აღნიშნავენ, რომ სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვის შემთხვევაში იზრდება შეურაცხყოფის ალბათობა, შესაბამისად, ერიდებიან დაწესებულებაში დასაქმებას. ამის გამო, კრიტიკული ფინანსური საჭიროების მქონე პატიმრებიც კი იძულებულნი არიან, უარი თქვან სამუშაოს შესრულებაზე და შემოსავლის მიღებაზე. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც პატიმარმა მოითხოვა ნახევრად ღია დაწესებულებიდან დახურულ დაწესებულებაში გადასვლა, რადგან იმ დაწესებულებაში მოათავსეს მისი ნათესავი და არ სურდა მას გაეგო, რომ ის სამეურნეო ნაწილში იყო ჩარიცხული.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის მინისტრს:

  • 2019-2020 წლის განმავლობაში დაწესებულებებში განხორციელდეს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლების გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის
    პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები;
  • მიღებულ იქნას ყველა ზომა დაწესებულებაში მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი პატიმრების დასაცავად, მათ შორის, სხვა დაწესებულებებში გადაყვანის ან კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პატიმრებთან კონტაქტის არიდების გზით;
  • მიღებულ იქნას ყველა ზომა, ნორმალიზაციის პრინციპზე დაფუძნებული ისეთი მცირე და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის მქონე პენიტენციური დაწესებულებების შესაქმნელად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პატიმართა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისთვის აუცილებელი გარემო;
  • დაწესებულებებში პატიმართა შორის ძალადობისა და დაშინების რისკის თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოფილ იქნეს სავარაუდო მოძალადეთა იდენტიფიცირება და აღნიშნული ფაქტების შესახებ ეცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი