“ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმდენი რამ, რომ თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა მოხსენება N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საუბარია ძალადობაზე, რომელსაც პატიმრები განიცდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების მხრიდან. ანგარიშში საუბარია არაფორმალურ მმართველებზე – ე.წ. “ციხის ავტორიტეტებზე” და კონკრეტულ პატიმრებზე, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მითითებით ფიზიკურად უსწორდებიან სხვა მსჯავრდებულებს.
ქუთაისის ციხეში პატიმარი, ადმინისტრაციის დავალებით, სხვა პატიმრებს სცემს – ომბუდსმენი
სახალხო დამცველის მოხსნებას კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრიც ესწრება. თეა წულუკიანმა თავის საპასუხო გამოსვლაში წარმოადგინა სტატისტიკა და თქვა, რომ 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი, როცა 2010 წელს ეს რიცხვი იყო 144, 2011 წელს – 140, ხოლო 2013-18 წლებში საშუალოდ არ აღემატებოდა 20-ს.
“შარშან იყო 16 ტრაგედია, რომელიც ვერ იქნა აცილებული თავიდან, თუმცა ეს რიცხვი არის მინიმალურ ზღავრზე ბოლო ათწლეულების მანძილზე. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ წარმოდგენილ ანგარიშში, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომ არის ეს რიცხვი ასეთი დაბალი?” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ომბუდსმენს ტერმინების გადახედვა ურჩია და შეუსწორა, რომ შესაბამის სამსახურს ჰქვია პენიტენციური სამსახური და არა პენიტენციალური.
ამავე თემაზე:
პატიმართა საეჭვო დაზიანებები საყოფაცხოვრებო ტრავმებად აღირიცხება – ომბუდსმენი