ახალი ამბები

თსუ არ აპირებს რექტორის დისერტაციის ხელახალ შემოწმებას

21 იანვარი, 2020 • 1940
თსუ არ აპირებს რექტორის დისერტაციის ხელახალ შემოწმებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის ხელახლა შემოწმებას უნივერსიტეტში ამ ეტაპზე არ გეგმავენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ნანა მამაგულაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე დოკუმენტის შემოწმების საჭიროება არ დგას:

“თუ ამის შესახებ შეკითხვა დადგება უნივესიტეტში, ამ შემთხვევაში მივმართავთ ილიას უნივერსიტეტს, თსუ-მ უკვე შეამოწმა დოკუმენტი [სადისერტაციო ნაშრომი] და ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ”, – ამბობს მამაგულაშვილი.

მამაგულაშვილის თქმით, უნივერსიტეტი არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აპირებს იმ დოკუმენტის გამოთხოვას, რომლის მიხედვითაც თსუ-ის რექტორის სადისერტაციო ნაშრომის შემოწმებისას, სპეციალური პროგრამის, Turnitin-ის დახმარებით სხვა დოკუმენტებთან თანხვედრის 34 % დაადგინა და აღნიშნული ნაწილი პლაგიატად მიიჩნია.

https://www.facebook.com/netgazeti/photos/pb.271681127043.-2207520000../10158312654742044/?type=3&theater

სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის, ქეთევან ხუციშვილის თქმით, მისთვის ბუნდოვანია, თუ რატომ აჩვენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ 34% თანხვერდა, მაშინ, როდესაც უშუალოდ თსუ-ის მიერ იმავე პროგრამით ჩატარებულმა კვლევამ სხვა დოკუმენტებთან თანხვედრის 8% აჩვენა.

ხუციშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც Turnitin-ით შემოწმებულ დოკუმენტზე პროგრამის დასკვნა დაიდო, სადისერტაციო ჯგუფმა აღნიშნული დოკუმენტი შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ პროგრამის მიერ გამოვლენილი 8% საკანონმდებლო დადგენილება იყო, რაც სადისერტაციო ტექსტშიც იყო მითითებული. სწორედ აქედან გამომდინარე არ მიიჩნია თსუ-მ აღნიშნული დოკუმენტი პლაგიატად.

თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მიწოდებულ 2 დოკუმენტს შორის – გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომი “სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები” და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ბროშურა: “საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები”-34%-იანი თანხვედრა გამოვლინდა..

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავეს, რადგან აღნიშნეს, რომ მათ ამ ეტაპზე არ იციან, თუ კონკრეტულად რა დოკუმენტზეა [“საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები”] საუბარი.

იაგო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ ელოდა თსუ-ის რეაქციას, თუმცა, მისი თქით, „ეს სამარცხვინო ფაქტი რექტორის კულუარულ-მანიპულატორული ძალისხმევით მიიჩქმალა“. ის ასე აღწერს ამ პროცესს:

„რექტორმა, ცალკეული პროფესორების მონაწილეობით, შეთხზა ასეთი აბსურდული ვარიანტი: თავისი დისერტაცია გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turnitin) ისე, რომ ამავე პროგრამაში, შედარების მიზნით, არ შეუტანია ბროშურა, რომლის ტექსტიც მან თავის დისერტაციაში უცვლელად გადაიტანა და რომლის ავტორი თავად არ არის“.

კაჭკაჭიშვილის თანახმადვე, „ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა“, რის შემდეგაც „თსუ-ის რექტორმაც აკადემიურ საბჭოზე სასწრაფოდ გაიტანა საკითხი მისი უცოდველობის შესახებ“.

„შარვაშიძეს და მის თითზე ჩამოსათვლელ დამცველებს ასეთი „არგუმენტი“ მოაქვთ: ეს 41- გვერდიანი ტექსტი პარლამენტის დადგენილებაა, ხოლო დადგენილებას ციტირება არ ეხებაო. უსუსური არგუმენტია: ჯერ ერთი, ეს ტექსტი (რომელიც მანამდე ბროშურის სახით გამოიცა) არის დადგენილების განმარტებითი ბარათი, მისი კონცეპტუალური საფუძველი და ექსპერტთა ჯგუფის ინტელექტუალური შრომის ნაყოფი. ამდენად, მოხდა არა დადგენილების, არამედ საექსპერტო პროდუქტის გამოყენება მისი დამოწმების გარეშე; და მეორეც, რომელი დისერტაცია გულისხმობს 41- გვერდიანი თუნდაც დადგენილების უცვლელად გადატანას და დისერტაციის ერთ სრულ თავად ქცევას, მითითების გარეშე“? – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

 

ამ თემაზე

თსუ-ის რექტორ შარვაშიძეს პლაგიატი დაუდასტურდა – იაგო კაჭკაჭიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი