ახალი ამბები

პატიმართა საეჭვო დაზიანებები საყოფაცხოვრებო ტრავმებად აღირიცხება – ომბუდსმენი

24 დეკემბერი, 2019 • 1175
პატიმართა საეჭვო დაზიანებები საყოფაცხოვრებო ტრავმებად აღირიცხება – ომბუდსმენი

პატიმართა სხეულის საეჭვო დაზიანებები, რომელიც ციხის დოკუმენტაციაში საყოფაცხოვრებო ტრავმებად არის ასახული, მოხვდა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში.  სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდა.

პრევენციული ჯგუფის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში შემოწმებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2019 წლის იანვრის თვიდან ივლისის თვემდე N8 დაწესებულებაში ფიქსირდება პატიმართა შორის ფიზიკური დაპირისპირების 71 შემთხვევა, N2 დაწესებულებაში – 26 შემთხვევა და N14 დაწესებულებაში – 3 შემთხვევა.

გარდა ამისა, დაწესებულებებში წარმოებულ დოკუმენტაციაში ფიქსირდება პატიმართა სხეულის დაზიანებები, რომელთა მდებარეობა, რაოდენობა და ხარისხი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, შესაძლებელია მიანიშნებდეს სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. მაგალითად:

  • პატიმარს აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის არეში სისხლჩაქცევა და ცხვირის მიდამოში სიწითლე. დაზიანების წარმოშობის მიზეზად მითითებული იყო საწოლზე თავის მირტყმა;
  • პატიმარს აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდისა და ცხვირის მიდამოში დაჟეჟილობა. მიზეზი – საწოლის კუთხეზე მირტყმა;
  • პატიმარს აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის მიდამოს სილურჯე და სისხლჩაქცევები. მიზეზი – საწოლზე თავის მირტყმა;
  • პატიმარს აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის არეში სილურჯე, მარცხენა მხარეს შესიება. მიზეზი – საპირფარეშოში წაქცევა;
     ორივე თვალბუდისა და შუბლის არეში სისხლნაჟღენთი. მიზეზი – საკანში დაცემა.

ჩატარებული შემოწმების შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა N2 დაწესებულებაში გამოავლინა მსგავსი საეჭვო დაზიანების 13 შემთხვევა, N8 დაწესებულებაში – 17 შემთხვევა, N14 დაწესებულებაში – 12 შემთხვევა და N15 დაწესებულებაში – 24 შემთხვევა. ზემოაღნიშნული დაზიანებები პენიტენციური დაწესებულებების მორიგე ექიმებს შეფასებული აქვთ როგორც საყოფაცხოვრებო ტრავმები.

“პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული არაფორმალური წესების გარდა, ერთ-ერთ მიზეზს, რის გამოც ძალადობის შემთხვევები ცნობილი არ ხდება ექიმებისთვის, წარმოადგენს პატიმრისა და ექიმს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის სამედიცინო შემოწმებაზე დაწესებულების თანამშრომლის დასწრება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დახურული ტიპის და პატიმრობის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკით, პატიმრის შეხვედრას ექიმთან, როგორც წესი, ყველა შემთხვევაში ესწრება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ანდა უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი და დოკუმენტირების ყველა შემთხვევაში ხდება მათი ინფორმირება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევებში ექიმმა განსაკუთრებული გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს და ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით უნდა მიმართოს განსაკუთრებული ძალისხმევა მსხვერპლის ნდობის მოსაპოვებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი