ახალი ამბები

გახარია აშშ-ის ახალ ელჩს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 • 925
გახარია აშშ-ის ახალ ელჩს ფიცის დადებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს, ფიცის დადებას ულოცავს.

გახარიამ ტვიტერზე დაწერა: „ვულოცავ კელი დეგნანს საქართველოს ელჩად ფიცის დადებას. მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას, რათა წინ წავწიოთ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი დინამიკა ჩვენს დიდ ერებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში“.

აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანი 20 დეკემბერს დაამტკიცა. დეგნანმა ფიცის დადებისას იმ ძირითად გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რის წინაშეც, მისი აზრით, საქართველო ამ ეტაპზე დგას: სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ოკუპაცია.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავდა, – მას შემდეგ, ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.

დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ბოლო დრომდე აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი იყო. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

დეგნანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ოკუპაცია – საქართველო დეგნანის ფიცის დადების სიტყვაში

მასალების გადაბეჭდვის წესი