ახალი ამბები

სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ოკუპაცია – საქართველო დეგნანის ფიცის დადების სიტყვაში

17 იანვარი, 2020 •
სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ოკუპაცია – საქართველო დეგნანის ფიცის დადების სიტყვაში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 16 დეკემბერს, ფიცის დადებისას ვაშინგტონში, იმ ძირითად გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რის წინაშეც, მისი აზრით, საქართველო ამ ეტაპზე დგას.

ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მიერ “რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს, დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.”

ახალმა ელჩმა ფიცის დადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არჩევნების, მედიისა და კანონის უზენაესობის საკითხსაც:

“ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის, რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, აშშ-ის ელჩის რანგში მისი მთავარი მოვალეობა ამერიკის ინტერესების ხელშეწყობა და დაცვაა, რასაც დიდი ენთუზიაზმით გააკეთებს.

ელჩის თქმით, ის მოწადინებულია, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ერთობლივი წვრთნებითა და სწავლებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები.

დეგნანმა ასევე აღნიშნა:

“მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ, საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად.

ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კორუფციასთან ბრძოლითა და დემოკრატიის მხარდასაჭერად აუცილებელი ინსტიტუტების მშენებლობით.

ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა.

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად.

ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია.

აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა USAID-ის მისიის მნიშვნელობას, თანამშრომლობას სამხედრო-უსაფრთხოების სფეროში, ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქმიანობას “უკეთესი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შექმნის” კუთხით და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

ელჩ დეგნანის სიტყვა სრულად იხილეთ აშშ-ის საელჩოს ვებსაიტზე.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი