“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ამავე თანამდებობაზე კანდიდატად წარდგენა დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ სწორედ ის იქნება ნომინირებული გენერალურ პროკურორად.
სალაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებულ 9 კანდიდატს შორის არავინაა ისეთი, ვინც შოთაძეს ამ თანამდებობაზე კონკურენციას გაუწევს, რადგან ხელისუფლების მხარდაჭერა სწორედ შოთაძეს ექნება:
“ბატონი შოთაძის დასახელება უკვე ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ის იქნება ნომინირებული. თან, ჩვენ გვსმენია, რაც თადუმაძე “აპირებდა” გადაენაცვლებინა უზენაეს სასამართლოში, გვსმენია, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იმ პოზიციაზე დაბრუნების იყო ირაკლი შოთაძე. ისიც გვსმენია, რომ კულუარულად ის ისევ იყო დაკავშირებული პროკურატურის მართვასთან და, მართალია, ოფიციალურად გადამდგარი იყო, მაგრამ გარკვეული შემხებლობა ჰქონდა პროკურატურაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან.
ის, რომ ირაკლი შოთაძე არ არის ჩვეულებრივი კანდიდატი, რომელიც შეიძლება წარდგენილი იყოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ამაში ალბათ სადავო არც არაფერია, ამიტომაც მგონია, დიდწილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ვინ შეიძლება იყოს მომავალი გენერალური პროკურორი”, – ამბობს სალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისი აზრით, შოთაძის დასახელება შემთხვევითი მოვლენა არაა და ეს მაღალ სახელისუფლებო დონეზეა შეთანხმებული. სალაძე ასევე აღნიშნავს, რომ შოთაძის დაბრუნება “ქართული ოცნების” მმართველობის სტილშიც ჯდება:
“ირაკლი შოთაძის კანდიდატად ნომინირება არ არის შემთხვევითი მოვლენა. მის კანდიდატად დამსახელებელს, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ეს დამოუკიდებლად მოეხდინა და არ შეეთანხმებინა თავად ირაკლი შოთაძესთან. თვისთავად ირაკლი შოთაძის თანხმობა რთულია წარმოვიდგინოთ, რომ უფრო მაღალ დონეზე არ იყოს შეთანხმებული. მარტივად რომ ვთქვათ, ვფიქრობ, ეს არის მოცემულობა, როდესაც დიდწილად ყველაფერი ნათელი და გარკვეულია. არაფერი გასკვირი ამაში არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადად ქართული ოცნებისათვის “მეორედ მოსვლები” ჩვეულებრივი თემაა.
ჩვენ გვახსოვს პრემიერ ივანიშვილის დაბრუნება პარტიის მმართველ თანამდებობაზე, ანუ პოლიტიკაში ოფიციალურად შემობრუნება; გვახსოვს ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდი და მისი დაბრუნება მთავრობაში, ამჯერად მინისტრის პოზიციაზე. იმის თქმა მინდა, რომ არაფერი უცნაური და გასაკვირი ამაში არ არის “ქართული ოცნების” მმართველობის სტილიდან გამომდინარე”, – ამბობს საია-ს თავმჯდომარე.
სალაძე აღნიშნავს, რომ შოთაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, რაზეც მისი თქმით, მეტყველებს თავად ივანიშვილის და სხვა პირთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ყოფილი გენპროკურორი ივანიშვილთან ერთად დახურულ შეხვედრებს ესწრებოდა მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს აღარ იკავებდა და ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა არ ჰქონდა:
“როცა ვსაუბრობთ მის პირად ერთგულებაზე, მე მახსენდება ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუ და ასევე სხვა მხარეებსაც ეს არაერთხელ უთქვამთ, რომ იმ შეხვედრებზე, რომელიც იმართებოდა ბატონ ივანიშვილთან, იმყოფებოდა შოთძეც, რომელსაც არანაირი ფუნქცია და ვალდებულება მსგავსი ტიპის შეხვედრებისა არ ჰქონდა. მით უმეტეს, მაშინ, როცა ივანიშვილი პოლიტკიდან წასული იყო, ოფიციალურად ის არ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
მისი როლი და ფუნქცია გენერალური პროკურორისა მდგომარეობს არა იმაში, რომ ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანის შეხვედრებს დაესწროს, ფრულ შეხვედრებზე ვსაუბრობ აქ, ცხადია, მისი ფუნქცია არის პროკურატურის ხელმძღვანელობა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. თუ ერთგულებაზე ვილაპარაკებთ, აქ ნაკლები შეკითხვაა მასთან მიმართებით, ოღონდ კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ერთგულებაზე და არა კანონის”, – ამბობს სალაძე.