ახალი ამბები

იარაღზე რურუას ანაბეჭდები არ ამოვიდა – ადვოკატი

30 დეკემბერი, 2019 • 1433
იარაღზე რურუას ანაბეჭდები არ ამოვიდა – ადვოკატი

გიორგი რურუას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნით იარაღზე, რომლის შენახვა-ტარებასაც მას ედავებიან, რურუას ანაბეჭდები არ ამოვიდა.

ასევე, ადვოკატის თქმით,დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ რურუას შარვალსა და მაისურზე მეტალიზაციის კვალი არ ამოვიდა, მაშინ როცა შსს ამტკიცებს, რომ მას იარაღი შარვლის საქამრეში ედო.

“ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს, რადგან შეუძლებელია ატარებდე იარაღს და მასზე არ დატოვო ანაბეჭდები და შეუძლებელია საქამრეში გედოს იარაღი და შარვალზე და მაისურზე მეტალის კვალი არ ამოვიდეს”,-აცხადებს საძაგლიშვილი.

25 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ გიორგი რურუას ბრალი დაუზუსტეს: დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

„გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და ხელის კვლების ნიმუშის აღების თაობაზე. კანონით გათვალისწინებულ პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ პროკურატურიდან.

დნმ-ის მიცემაზე უარის თქმას დიტო საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს და ამბობს, რომ გიორგი რურუას დაკავებისთანავე მისგან იძულებით აიღეს დნმ, ოღონდ ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს, ანუ ვითომ არ აუღიათ. ადვოკატის თანახმად, პოლიციელებს ამით სურდათ, ამოღებულ იარაღზე მისი დნმ წაესვათ და ამით დანაშაული დაემტკიცებინათ.

“ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ ამ ამბის გარკვევას, მათ შორის -პოლიციის შენობაში მდებარე კამერების ჩანაწერებს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. რის გამოც, როდესაც პოლიციელებმა უკვე განჩინებით მოითხოვეს დნმ-ის ნიმუში, ამაზე ვუთხარით უარი, რადგან მისი შედარება უნდა გაეკეთებინათ უკანონოდ პირველივე დღეს აღებულ და ჩადებულ იარაღზე დატანილ დნმ-თან. ანუ, მტკიცებულებების გაყალბებას ახდენდნენ და, ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესში არ მივიღეთ მონაწილეობა.

ამის შემდეგ, რადგან მთელი საქმე თავზე ჩამოენგრათ, დამნაშავე პოლიციელებმა და მათმა ზემდგომებმა გადაწყვიტეს უბინძურესი მეთოდი გამოეყენებინათ და იარაღზე უკანონოდ წასმული დნმ-ის ნიმუში უნდა შეადარონ ერთი წლის წინ გარდაცვლილ ნიკა რურუას დნმ-ს (ნიკას დაღუპვისას, გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, აიღეს მისი სისხლის ნიმუში და სწორედ ამ ნიმუშს იყენებენ ახლა). ანუ, გარდაცვლილი ნიკას სისხლის გამოყენებით ცდილობენ გიორგისთვის იარაღის ჩადების გაპრავებას. ამაზე ბინძური და ამორალური საქციელი ალბათ არ არსებობს”, – წერს საძაგლიშვილი Facebook-ზე.

ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა. უწყებისგან საპასუხო კომენტარის არსებობის შემთხვევაში ნეტგაზეთი მიღებისთანავე გაავრცელებს.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი