ახალი ამბები

შსს-ში აცხადებენ, რომ რურუასგან დნმ-ს მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიღებენ

15 იანვარი, 2020 • 1156
შსს-ში აცხადებენ, რომ რურუასგან დნმ-ს მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიღებენ

შსს-ს წარმომადგენლის, კახა მურადაშვილის თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუას დნმ-ს აუღებენ. ამის შესახებ მან გლდანის ციხეში შესვლამდე განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს არ უთხრეს, როდის გასცა მოსამართლემ ეს განჩინება.

“საგამოძიებო მოქმედებებს ვაწარმოებთ, ანუ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნიმუშის აღებას. შედეგების შესახებ გამოსვლის შემდეგ მოგახსენებთ”, – უთხრა მურადაშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, იძულებით აიღებენ თუ არა ისინი რურუასგან დნმ-ს, მურადაშვილი პასუხობს:

“პროპორციული ძალის გამოყენებით, რაც სასამართლოს განჩინებაშია მითითებული. თუ საჭირო იქნება პროპორციული ძალის გამოყენება, შესაბამისად გამოვიყენებთ.”

გიორგი რურუას ადვოკატის თქმით კი, შსს-ს უკვე აღებული აქვს რურუას დნმ  და ის დატანილია იმ იარაღზე, რომლის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებასაც შსს მას ედავება. გიორგი რურუას დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს რურუასგან ოფიციალურად აიღოს დნმ და ის უკანონოდ მოპოვებულს შეადაროს.

“გუშინ, საღამოს 21:30 საათზე, გამომძიებელ ვახტანგ დაბრუნდაშვილისგან ინფორმაცია მივიღე, რომ დღეს, 10:00 საათზე, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გიორგი რურუასთან უნდა შესულიყვნენ. ვცადე გამომძიებელთან დაკავშირება, თუმცა მან არ მიპასუხა. რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. უფრო სწორად, დოკუმენტებით გაუფორმეს, თითქოს ის ფლობდა იარაღს. ამის შემდეგ მათ რურუას სხეულიდან გენეტიკური პროფილი იძულებით აიღეს და ე.წ გაფორმებულ იარაღზე დაიტანეს. ამის შემდეგ ყველა ე.წ. საგამოძიებო მოქმედება მიმართულია იმისკენ, რომ მისგან როგორმე ოფიციალურად მოიპოვონ დნმ და ის დაამთხვიონ იარაღზე ხელოვნურად დატანილ პროფილს”, – აცხადებს ადვოკატი შოთა კახიძე.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

იარაღზე რურუას ანაბეჭდები არ ამოვიდა – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი