ახალი ამბები

ქართულ აეროპორტებში 2019 წელს მგზავრების ნაკადი 3.5%-ით გაიზარდა

14 იანვარი, 2020 • 1034
ქართულ აეროპორტებში 2019 წელს მგზავრების ნაკადი 3.5%-ით გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული, 2019 წლის განმავლობაში ,საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 5 209 505 მგზავრს მოემსახურა, რაც, 2018 წელთან შედარებით,  3.5%-ით (176 182 მგზავრით) მეტია, ხოლო 2017 წელთან შედარებით – 27.63%-ით (1 127 787 მგზავრი).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 692 175 მგზავრს მოემსახურა, რაც 3.06%-ით (116 444 მგზავრით) ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის თორმეტი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღნიშნულის მიზეზად ასახელებს გასული წლის 8 ივლისიდან რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი 41.51%-ით გაიზარდა. ამ აეროპორტით 873 616-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 256 243-ით მეტია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 2019 წელს 624 151-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 4.22% ით (25 260 მგზავრი) მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს,  გასული წლის დაჯამებული მონაცემებით, მესტია 8 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 767 მგზავრით მეტია, შესაბამისად, 25.77%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში 1 966 მგზავრი მიიღო, რაც 384 მგზავრით მესტია (24%), ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 24 447 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 399-ს, ხოლო ჩარტერები – 3 048-ს. 2018 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა უმნიშვნელოდ, 0.65%-ით (159 რეისით) იკლო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2019 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 24 911. 336 ტონა შეადგინა, რაც 543.49 ტონით, შესაბამისად, 2.14%-ით ნაკლებია ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით, საქართველოში მომფრენი საჰაერო მოძრაობის  ნაკადები 2019 წელს, 2018 წელთან  შედარებით,  1.9%-ით შემცირდა, გამფრენი  საჰაერო მოძრაობის ნაკადები 1.7 % -ით შემცირდა, ხოლო შიდა ფრენები 12.3%-ით გაიზარდა. 12.7%-იანი კლება იყო გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით, რაც პაკისტანის საჰაერო სივრცის რამდენიმეთვიანი დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით იყო განპირობებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი