ახალი ამბები

გლობალური შეფერხების გამო ქუთაისი-ბერლინის რეისი პოზნანში დაეშვა

19 ივლისი, 2024 •
გლობალური შეფერხების გამო ქუთაისი-ბერლინის რეისი პოზნანში დაეშვა

კომპიუტერული სისტემების გლობალური შეფერხების გამო ბერლინის აეროპორტმა ქუთაისიდან მიმავალი თვითმფრინავის მიღება ვერ შეძლო.

როგორც „ნეტგაზეთს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ქუთაისიდან დილის 6:00 საათზე გაფრენილ რეისს დაჯდომა პოლონეთში, პოზნანის აეროპორტში მოუხდა.

აეროპორტების გაერთიანებაში ასევე განგვიცხადეს, რომ 20 წუთის დაგივანებით დაიწყო რეგისტრაციაც კატოვიცეს რეისზე, თუმცა ამ დროისთვის აეროპორტი განრიგის მიხედვით აგრძელებს მგზავრების მომსახურებას და არავითარი შეფერხება აღარ ფიქსირდება.

IT ტექნოლოგიების გლობალური შეფერხების გამო, მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო ფრენები, შეჩერდა საბანკო გადარიცხვები და გაითიშა ჯანდაცვის სისტემები, ზოგიერთი ტელეკომპანია კი მაუწყებლობას ვერ ახერხებს.

კომპანიებს შორის, რომლებსაც შეფერხება შეეხო „ამერიკის ავიახაზები“, „გაერთიანებული ავიახაზები“ და „დელტა ავიახაზებია“, რომლებმაც განაცხადეს, რომ კომუნიკაციის სისტემების პრობლემის გამო ფრენები გაუქმდა. როგორც Reuters-ს წერს, მსხვილი კომპანიების აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა Microsoft-ის განმარტება, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

გამოცემა წერს, რომ ყველაზე მეტად ხარვეზმა ტურისტული ინდუსტრია დააზარალა, შეფერხებებია ტოკიოს, ამსტერდამის, ბერლინის და ესპანეთის რამდენიმე აეროპორტშიც. მომხმარებლებს ჯავშნების სისტემაში ხარვეზზე შეატყობინა Ryanair-მაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი