ახალი ამბები

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად გია ქარცივაძე დაასახელეს

27 დეკემბერი, 2019 • 1012
აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად გია ქარცივაძე დაასახელეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იურისტი გია ქარცივაძე დაასახელა, რომელიც ამჟამად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევანი უნდა გაეკეთებინა სამ კანდიდატს შორის, რომლებიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ მათ წარუდგინა. აღნიშნულმა კომისიამ 8 კანდიდატიდან სამი პირი შეარჩია: ირმა ზოიძე, ლაშა ზარგინავა და გია ქარცივაძე. სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა არჩევანი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის კვოტით უნდა აირჩიონ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი.

კომისიაში 5 წევრი იყო: „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ EECMD რეგიონული კოორდინატორი – თამარ მამეიშვილი, პროფესიული კავშირის წარმომადგენელი – მანანა შარაშიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მგელაძე, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნათია კუპრაშვილი და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის – „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე – ლევან გობაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ახლა აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. თუ კი უმაღლესი საბჭოს 11 წევრი გია ქარცივაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ქარცივაძე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი