ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოდან ერევანში თბილისის გავლით – ჟურნალისტების ვიზიტი

22 დეკემბერი, 2019 • 1863
ბაქოდან ერევანში თბილისის გავლით – ჟურნალისტების ვიზიტი

ავტორი: გუნელ მევლუდი, ხედვა აზერბაიჯანიდან 


17-22 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პროცესში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა – აზერბაიჯანში, სომხეთსა და მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტების ჯგუფების ურთიერთვიზიტები შედგა. 

კონკრეტულად კი, სომეხი ჟურნალისტები ეწვივნენ ბაქოს, ყუბას და განჯას. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები – ერევანს, დილიჟანს, შუშას და ჰანკენდის პროვინციას.

ჟურნალისტების გაცვლის ფაქტმა საზოგადოებაში, და არა მხოლოდ აზერბაიჯანულ და სომხურ საზოგადოებაში, დისკუსია წარმოშვა, თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვიზიტის შემდგომმა პერიოდმა არც ისე ხმაურიანად ჩაიარა – დისკუსია თავად ვიზიტზე და ჟურნალისტების მოსაზრებები ამ ვიზიტებთან დაკავშირებით საკმაოდ მწირია. 

თავად ამ ვიზიტში მონაწილე ჟურნალისტები იმდენად ჩუმად იყვნენ ვიზიტის შემდეგ, რომ ინტერნეტში ვიზიტთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციები – ფეიკ ნიუსებიც გავრცელდა.  

მაგალითად, ვიზიტის შესახებ მწირი ინფორმაციის პირობებში, გავრცელდა ტექსტი – სიძულვილის ენითა და ემოციური აფეთქებებით, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანელი “პატრიოტებიც” აზიარებდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს იყო უბრალოდ რომელიღაც ავტორის მიერ მოგონილი ისტორია, რომელიც ყარაბაღში და შუშაში საერთოდ არ ყოფილა.

მხოლოდ ამ ფაქტის ამის შემდეგ, აზერბაიჯანულ პრესაში გაჩნდა იმ ჟურნალისტების მოკლე დაკვირვევები, რომლებიც ყარაბაღს და სომხეთს ეწვივნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ელჩინ ველიევი, აზერბაიჯანული სააგენტო “ტრენდის” მთავარი რედაქტორი. თავის სტატიაში „ვირტუალური რეალობიდან რეალობამდე – ჟურნალისტის შემაჯამებელი ჩანაწერები“, რომელიც საიტზე milli.az-ზე გამოქვეყნდა, ავტორი ცდილობს შეაფასოს სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ურთიერთვიზიტის იდეა. 

ავტორი წერს, რომ ამ ვიზიტით გამოწვეული სიხარული ზედმეტია, რადგანაც „აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია და კონფლიქტიც ისევ არსებობს. უბრალოდ. სამმა ჩვეულებრივმა ჟურნალისტმა ერთად იმოგზაურა“.

საკუთარ შთაბეჭდილებებს კი სომხეთსა და ყარაბაღზე ჟურნალისტი ასე აღწერს: 

„სომხები ყარაბაღში შეხვედრაზე შიშით მოვიდნენ. ისინი სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს. ერთმა ჟურნალისტმა საიდუმლოდ გადაიღო ჩვენთან შეხვედრა ტელეფონით. ამ ადამიანებს ესმით, რომ წარსულში გაიჭედნენ და მომავალს სულ უფრო სასოწარკვეთით უყურებენ. მათ ისიც ესმით, რომ სომეხ პოლიტიკოსებს ერევანსა და მის გარეთ გავლენის ინსტრუმენტები აქვთ. ამის დანახვა კონტროლირებადი საუბრის დროსაც კი შეიძლებოდა“.

შემდეგ, ჟურნალისტი წერს, თუ როგორ შეამჩნია, რომ გოვჰარაგის მეჩეთი შუშაში ირანულ სტილშია გარემონტებული და მიანიშნებს, რომ  ამ ფაქტს ირანული კომპანიების გარეშე არ ჩაუვლია და რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, კარგი იქნებოდა, ეს საკითხი ირანთან ოფიციალურ განეხილა.

ჟურნალისტი აგრეთვე კომენტარს აკეთებს დღევანდელ სომხეთის შესახებ ზოგადად:

„სტერეოტიპებისა და პროპაგანდის გარდა, უნდა ვთქვა, რომ არ გამაკვირვა სომხეთში ნანახმა. ვნახე ის, რასაც ველოდი. საქართველოს საზღვრიდან ერევანამდე გზაში დაცარიელებული და მიმოფანტული დასახლებული პუნქტებია. კარგად ჩანს დემოგრაფიული პრობლემები და სიღარიბე. ერთადერთი სტრატეგიული გზა, რომელიც საზღვარგარეთ გადის, დაბალი ხარისხისაა”.

აქვე, ჟურნალისტი სომხეთის საზოგადოებრივი განწყობის შესახებ საკუთარ დაკვირვებაზე წერს:

„სომხურ საზოგადოებას ესმის და ხედავს ქვეყნის წინაშე მდგარ სტრატეგიულ გამოწვევებს, მისი ეკონომიკური განვითარების გაურკვევლობას, მაგრამ მათ უჭირთ ამის აღიარება. სომხეთში არ არის ოჯახი, რომელსაც სხვა ქვეყნიდან არ ეხმარებიან ფინანსურად. ეს ეკონომიკის ძირითადი ასპექტია. ცალკე უნდა ვთქვა,. სომხურ საზოგადოებაში ძლიერი ანტირუსული ტენდენციების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნიკოლ ფაშინიანის გუნდის მოსვლას უკავშირდება”.

შემდეგ, ვალიევი ჰყვება სომეხი ჟურნალისტების ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანში, იმის შესახებ, თუ რა ნახეს მათ ქვეყანაში და ვერ უძლებს ცდუნებას, სამშობლო, აზერბაიჯანი შეაქოს: 

„ბაქოში ჩამოვიდა აგრეთვე ჟურნალისტი ყარაბაღიდან ბაქოში და გაცნობის საშუალება ჰქონდა მთავრობის DOST და ASAN სერვისებთან. მას შეუძლია აზერბაიჯანით იამაყოს, რადგანაც ყარაბაღი ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ხოლო ყარაბაღელი ჟურნალისტები – ჩვენი მოქალაქეები. მისი ვიზიტი და შეხვედრა ბაქოში მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანულ თემთან, აგრეთვე თემთაშორისი დიალოგის განუყოფელი ნაწილია“.

კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ყარაბაღსა და სომხეთს ეწვია, ელდენიზ ელგიუნი იყო, თუმცა მან ვიზიტის შემდეგ საჯარო კომენტარებისგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი