ახალი ამბები

₾ 2.5 მლნ სკამებისთვის ჭავჭავაძეზე – რას გეგმავს მერია [ფოტო]

26 დეკემბერი, 2019 • 3670
₾ 2.5 მლნ სკამებისთვის ჭავჭავაძეზე – რას გეგმავს მერია [ფოტო]

თბილისის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ქალაქის საკრებულომ უახლოეს დღეებში უნდა დაამტკიცოს, ჭავჭავაძის გამზირზე სკამების შეძენისთვის 2 500 000 ლარია გათვალისწინებული.

ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან ლევან ხაბეიშვილი მერიის მიერ რამდენიმემილიონიანი სკამების შეძენაში შესაძლო კორუფციას ხედავს. მისი თქმით, ტენდერი სკამებზე სპეციალურადაა მორგებული ერთ-ერთ იტალიურ კომპანიაზე.

განახლება: ამ ბრალდებას ასევე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძეც, რომელმაც თქვა, რომ ჯერჯერობით არავითარ კომპანიასთან მერიას ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს. მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სკამებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოაწყობს.

გარდა ამისა, ხაბეიშვილი დასძენს, რომ სხვა უბნებში სკამების მონტაჟი 20-ჯერ უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე ვაკეში.

როგორი სკამების დადგმა უნდა ჭავჭავაძის გამზირზე?

თბილისის ბიუჯეტის პროექტის ჩანაწერის მიხედვით, მერიას უნდა, რომ 2020 წელს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სკამებისთვის 2 500 000 ლარი დახარჯოს.

სქრინშოთი ბიუჯეტის პროექტიდან.

აღსანიშნავია, რომ სკამების დადგმა ამ წელს არა მხოლოდ ვაკეში, არამედ სხვა უბნებშიც იგეგმება. მაგალითად, გლდანში 200 საპარკე სკამისთვის 50 000 უნდა დაიხარჯოს, ანუ ვაკეზე 50-ჯერ ნაკლები.

სქრინშოტი ბიუჯეტის პროექტიდან.

კიდევ ერთი რაიონი, სადაც მერია სკამების დადგმას გეგმავს – ნაძალადევია. თუმცა, ვაკისგან განსხვავებით, აქ სკამებზე 80 400 ლარი უნდა დაიხარჯოს.

სქრინშოთი ბიუჯეტის პროექტიდან.

ვაკის სკამებზე მერიამ ტენდერი 20 დეკემბერს გამოაცხადა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 1 880 969 ლარი დაასახელა. ამ ტენდერზე, რომლითაც მერიას „სხვადასხვა სახის დასაჯდომებისა და სკამების“ შეძენა სურს, განაცხადების მიღება 16 იანვარს უნდა დაიწყოს.

ტენდერის მიხედვით, ჭავჭავაძის გამზირზე მერიას ოთხი ტიპის სკამის მოწყობა უნდა, შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციაში მათი ესკიზებიცაა მოცემული. კერძოდ:

თეთრი სკამი

  • სპეციფიკაციები:
  • სიმაღლე: 450 მმ;
  • ზურგის სიმაღლე: 813,453 მმ;
  • სიგრძე: 1800 მმ;
  • დასაჯდომი ადგილის სიღრმე: 475,29 მმ;
  • სიგანე მთლიანად: 683,562 მმ;
  • წონა: არანაკლებ 160 კგ;
  • მასალები: ფოლადი და ხის შემცვლელი მასალა;
  • ფერი: თეთრი.

ფოტო: მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

ხის სკამი

სპეციფიკაციები:

  • სიგრძე: 1800 მმ;
  • სიმაღლე: 773,292 მმ;
  • დასაჯდომის სიმაღლე: 457,191 მმ;
  • დასაჯდომი ადგილის სიღმე: 410,305მმ;
  • სიგანე მთლიანად: 688,958 მმ;
  • ფოლადის წონა: არანაკლებ 38 კგ;
  • ძირითადი მასალები: ხე და ფოლადი;

ფოტო: მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

სამკუთხედი სკამი

  • სპეციფიკაციები:
  • სიგრძე: 4775,364 მმ;
  • სიგანე: 3395,865 მმ;
  • სიმაღლე: 430 მმ;
  • ფოლადის წონა: არანაკლებ 170 კგ;
  • დიამეტრი: 300 მმ;
  • მასალები: ფოლადი, ხე;

ფოტო: მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

მრგვალი სკამი

სპეციფიკაციები:

  • სკამი უნდა შედგებოდეს რეკონსტრუირებული გრანიტის ან/და მარმარილოს სხმულისგან და ხის დასაჯდომი
    ფრაგმენტისგან;
  • მიწისქვეშა ანკერის ფიქსაციით;
  • სხმული ზედაპირი უნდა დამუშავდეს, გაპრიალებული ბუნებრივი ქვის ეფექტის მისაღებად.
  • ხის ზედაპირის დამუშავება უნდა განხორციელდეს ბუნებრივი შემადგენლობისა და კონსისტენციის, გარემო
    პირობების მიმართ მედეგი ლაქ-საღებავით

ფოტო: მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

ნეტგაზეთი კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა თბილისის მერიასაც. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კახა კალაძე რამდენიმე საათში ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი