ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გრიპის ვირუსი სეზონურია და ამ ეტაპზე ეპიდემიური მონაცემები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მისი მოსაზრებით, პანიკის საფუძველი არ არის. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალსიტებს დღეს უთხრა.
მისი განმარტებით, სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, ვაქცინა არ არის პანაცეა:
“ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე. შესაბამისად, საჭირო არ არის ამაზე ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში და ჩვენც როგორმე გადავიტანთ ამ ვირუსს”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა ასოციაცია “ბროწეული”, რომლის განმარტებითაც, გრიპის ვირუსთან დაკავშირებული განცხადება ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანიის ხელშემწყობი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია.
“ის ეწინააღმდეგება გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებს და საფრთხის წინაშე აყენებს მრავალი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყონებლივ განმარტოს მინისტრის განცხადების შინაარსი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია „ბროწეულის“ განცხადებაში.
სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ სახელმწიფო მოსახლეობას მოუწოდებს ვირუსის გავრცელებიდან, თუმცა “ბათუმელების” მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ქვეყანაში გრიპის ვირუსის ვაქცინები თითქმის არ მოიპოვება. გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში პრობლემური გახდა სასწრაფოს გამოძახებაც. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისას ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.
შენიშვნა: ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 25 დეკემბერს გაკეთებული განცხადება მეორე დღეს, 26 დეკემბერს განმარტა და აღნიშნა, რომ მისმა განცხადებამ საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია. ტიკარაძის განმარტებით, ის მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია მუშაობს და იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/245820/







