ახალი ამბები

2015 წელს რეაბილიტირებულ ოპერის შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

24 დეკემბერი, 2019 • 1562
2015 წელს რეაბილიტირებულ ოპერის შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობას, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” 2015 წელს დაასრულა, გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ინფორმაციით, “რესტავრაციის შემდგომ შენობა იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსთაველის გამზირი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურად არასტაბილურ ზონად ითვლება, მდებარეობს მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეშ გადის გრუნტის წყლები, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ”.

“2017 წელს გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისთვის. ამიტომ, გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. შესაბამისად, მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც დღეისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება”, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

შენობის დაზიანების შესახებ ინფორმაცია და კადრები დღეს, 24 დეკემბერს, ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი