მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, სასამართლომ უკანონოდ ცნო ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაფიცვის გამო თანამშრომლების გათავისუფლება.
მათივე ცნობით, გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრს კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.
„გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union-მა მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, მის ხელმძღვანელს, ბადრი მაისურაძეს და თეა წულუკიანის დროინდელ კულტურისა და სპორტის სამინისტროს
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გოჩა ქოქაშვილის, ედგარ ოსმანოვისა და გივი ხიზანიშვილის გაფიცვის გამო გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო და მათ სასარგებლოდ ოპერას დააკისრა კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
შეგახსენებთ, რომ უკვე 50-მდე მეტი სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს წულუკიანის კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ!
პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ამ წმენდის ყველა ორგანიზატორმა თუ თანამონაწილემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილ კანონდარღვევებზე და მათი სახელები უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, რათა მომავალში დაცული ვიყოთ მსგავსი უსამართლობისგან.
წინ კიდევ ბევრი სარჩელია!
ბრძოლა გრძელდება!“, – ნათქვამია მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის განცხადებაში.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის 30-ზე მეტ თანამშრომელი 2023 წლის ნოემბერში გაიფიცა. გაფიცულთა მოთხოვნა ხელფასების 100%-იანი ზრდა და გაფიცვის წინ გათავისუფლებული ორი თანამშრომლის აღდგენა იყო. ტექნიკური პერსონალი აცხადებდა, რომ მათი ხელფასი დაახლოებით 500 ლარი იყო. ორ ცვლაში და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე რამდენიმე ადამიანის ხელფასი, მათი თქმით, კვირაში 70 საათამდე დატვირთვის სანაცვლოდ, 1000 ლარს სცდებოდა. გაფიცულები ასევე საუბრობდნენ შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფასა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარის არარსებობაზე.
ოპერისა და ბალეტის თეატრში აცხადებდნენ, რომ თეატრში ყველა ნორმა დაცული იყო და ხელფასების 100%-იანი ზრდა შეუძლებელი იყო.








