ახალი ამბებისაზოგადოება

გაფიცული თანამშრომლები ოპერის ადმინისტრაციას შეხვდნენ

17 ნოემბერი, 2023 • 1827
გაფიცული თანამშრომლები ოპერის ადმინისტრაციას შეხვდნენ

ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა.

მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ 14 ნოემბერს, “ბაიადერას” პრემიერის პარალელურად, გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერი აქციის დროს გახდა ცნობილი. განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარემ ნიკოლოზ წიქარიძემ მაშინ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ 3 ნოემბრიდან მოყოლებული, იმ დღიდან, როდესაც ოპერის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა, პირველად გამოხატა ოპერის ადმინისტრაციამ კომუნიკაციის სურვილი.

“შეხვედრა შეხვედრისთვის”, – ასე აჯამებს ადმინისტრაციასთან დიალოგის მცდელობის ამ მორიგ ფაზას ნეტგაზეთთან საუბრისას ოპერის გაფიცული თანამშრომელი გიორგი ხიზანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ 5 ადამიანიდან, ვინც ოპერის ადმინისტრაციას 16 ნოემბერს შეხვდა.

“არც სამხატვრო ხელმძღვანელი და არც მისი მოვალეობის შემსრულებელი არ შეგვხვედრია. გავაცანით კიდევ ერთხელ ჩვენი მოთხოვნები. ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე, რასაც აქამდეც ვაყენებდით. მათი პოზიცია ის იყო მხოლოდ, რომ ამ ყველაფერს ჩავინიშნავთ და გადავცემთ ხელმძღვანელობასო. დიდი მოლოდინი არც გვქონია. გათავისუფლებული ბიჭების აღდგენაზე გვითხრეს, რომ არაფერი დარღვეულა, გამოსაცდელი ვადა ამოიწურა და გადაწყვიტეს, რომ ეს ხალხი არ სჭირდებოდათ, გაუშვეს და გაფიცვას ეს უბრალოდ დაემთხვაო. მაშინ რატომ დაიბარეს ერთი და უთხრეს, რომ შეეძლო მუშაობა გაეგრძელებინა, რამდენიმე საათში კი ესემესით გააგებინეს, რომ გათავისუფლებული იყო?” – ამბობს გიორგი ხიზანიშვილი.

ნეტგაზეთი ესაუბრა ნიკოლოზ წიქარიძეს, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარეს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას. წიქარიძე პროტესტის ფორმების გამკაცრებაზე საუბრობს ახლა უკვე კულტურის სამინისტროს მისამართითაც.

“მძიმედ ჩაიარა შეხვედრამ. ერთადერთი საკითხი, რაზეც წამოვიდნენ, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ჩარიცხვაა. ხელფასები ბიუჯეტით არის გაწერილი და ჩვენ ვერ მოვამატებთო. ხელს კულტურის სამინისტროსკენ იშვერენ. ჩვენი მოთხოვნა უკვე არის ის, რომ კულტურის სამინისტრო ჩაერიოს და გადადგას ნაბიჯები ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თუ სამინისტრო ამას არ გააკეთებს, მოვიფიქრებთ და გადავწყვეტთ, რა ფორმით გამძაფრდება ჩვენი პროტესტი უკვე კულტურის სამინისტროს მისამართით”, – ამბობს ნეტგაზეთთან წიქარიძე.

ოპერის ტექნიკური პერსონალის 20-ზე მეტი თანამშრომელი 3 ნოემბერს გაიფიცა. 17 ნოემბერი გაფიცვის მე-15 დღეა. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ტექნიკური პერსონალის ხელფასების 100%-იანი ზრდა და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენაა. გაფიცულები თეატრის სხვა თანამშრომლებს მოუწოდებენ, რომ მათ ბრძოლას შეუერთდნენ. ასევე საუბრობენ შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფასა და შესაბამისი ინვენტარის არარსებობაზე. ასევე აღნიშნავენ დამაკნინებელ დამოკიდებულებაზე მათ მიმართ თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან.

დაწვრილებით ოპერის გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნებსა და შრომის პირობებზე:

„დეზინფორმაციაა“ – ოპერისა და ბალეტის თეატრი 36 გაფიცულის ანაზღაურებაზე

“ჩვენ რომ დავინახოთ, რომ რაღაცას მართლა ცდილობენ მდგომარეობის შესაცვლელად, რა თქმა უნდა, ჩვენც გავითვალისწინებთ”, – ამბობს ნეტგაზეთთან გიორგი ხიზანიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი