ახალი ამბები

ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა

24 დეკემბერი, 2019 • 3732
ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო ისნპექტორის აპარატმა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მომჩივან თამთა თოდაძესთან დაკავშირებული “სენსიტიური ინფორმაციის გავრცელების გამო 1000 ლარით დააჯარიმა”.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს თამთა თოდაძემ მასთან დაკავშირებული სხვა სისხლის სამართლის დეტალების, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ტელევიზიით გახმაურების გამო მიმართა.

“სახელმწიფო ინსპექტორმა მოქალაქის მომართვის საფუძველზე, შეისწავლა განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის ფაქტის გასაჯაროების კანონიერება. საქმის განხილვისას გაირკვა, რომ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერში გასაჯაროვდა განმცხადებელთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია. საქმის შესწავლისას ადვოკატმა ვერ დაასაბუთა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება და კანონიერება. ასევე, არ დადასტურდა აღნიშნულ მომენტამდე თავად განმცხადებლის მხრიდან იგივე ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტი. შესაბამისად, ადვოკატს დაეკისრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.

მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ადვოკატის საქმიანობაში ჩარევად აფასებს და გასაჩივრებას აპირებს.

“ინსპექტორის სამსახური ითხოვდა ადვოკატს წარმედგინა ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შევიტყვე სხვა კლიენტისგან. ესღა გვაკლდა ადვოკატებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გადაგვიწყვიტოს, ჩვენი კლიენტის ინტერესის უპირატესად დაცვას ავირჩევთ, თუ ჯარიმას შევუშინდებით. როგორ ჰგონიათ, ამის გამო ჩემს მოწინააღმდეგეს ლანგარზე მივართმევდი ჩემს სამომავლო სტრატეგიას. გავთქვამდი პროფესიულ საიდუმლოებას ან ჩემი კლიენტის ინტერესების დაცვას უმაღლეს დონეზე არ განვახორციელებდი? ახლა ინსპექტორს უნდა ვკითხო, რა ვთქვა და როგორ ვთქვა კლიენტს, რომ ვიცავ?” – წერს კუბლაშვილი და ამბობს, რომ ჯარიმას გადაიხდის, თუ სასამართლო დააკისრებს, თუმცა სიმართლეს “უფრო შემართებით” ილაპარაკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი