სამართალი

რატომ უნდა იჩქაროს საკონსტიტუციო სასამართლომ | ინსპექტორის საქმე

16 თებერვალი, 2022 • 1632
რატომ უნდა იჩქაროს საკონსტიტუციო სასამართლომ | ინსპექტორის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის მოლოდინში, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი ორი ახალი უწყების ხელმძღვანელი. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნას ითვალისწინებს, 1 მარტიდან შევა ძალაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, დროულად დაიწყოს განხილვა და 1 მარტამდე შეაჩეროს სადავო ნორმები, რადგან ორი ახალი სამსახურის უფლებამოსილ ორგანოებად ჩამოყალიბების შემდეგ, დავას აზრი დაეკარგება.

საკონსტიტუციო სარჩელ(ებ)ი

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა.

კანონის თანახმად, 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. პარლამენტმა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად 15 თებერვალს აირჩია პროკურორი კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კი — ლელა ჯანაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელ ლონდა თოლორაიას კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. მან ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთნ დაკავშირებით სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა სახალხო დამცველმაც.

ორივე სარჩელით კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან (რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას) მიმართებით გასაჩივრდა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში შესული იმ ცვლილებების კონსტიტუციურობაის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანმდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.

სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი დამატებით ეხება კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს, და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს.

ამასთან, მოთხოვნილია გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება  სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას) გამოიწვევს.

სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სავარაუდოდ, ერთ საქმეში გაერთიანდება.

რა მნიშვნელობა აქვს სადავო ნორმების დროულად შეჩერებას?

სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იქნება. საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ის მოცემულობა, რომელიც პარლამენტის მიერ ახალი სამსახურების ხელმძღვანელების დამტკიცებით შეიქმნა, მოსარჩელისთვის დავას ართულებს.

„სადავო ნორმების დროებით (საბოლოო გადაწყვეტილებამდე) შეჩერებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს 1 მარტამდე, იმიტომ, რომ შემდეგ უკვე ეს ნორმები ამოქმედდება და საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვას უბრალოდ აზრი ეკარგება. უფრო სწორი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება მანამ, სანამ პარლამენტი ახალი სამსახურის უფროსებს დანიშნავდა. აღნიშნულმა, შესაძლებელია, ჩვენი დავა გაართულოს. თეორიულად კი არის შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს პროცესი, მიუხედავად ამ ორი პირის არჩევისა, თუმცა პრაქტიკული შანსი ამით გაცილებით შემცირდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გაუჩნდა არგუმენტი,  რომ პარლამენტს უკვე არჩეული ჰყავს ეს ორი თანამდებობის პირი და, შესაბამისად, ამ ნორმების მოქმედების შეჩერებით მათ ინტერესს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. საკონსტიტუციო სასამართლოს პასიურობით პარლამენტს მიეცა იმის საშუალება, რომ დაენიშნა ეს პირები თანამდებობაზე. ახლა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერების შანსი მინიმუმადეა დასული“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ ნიკა სიმონიშვილი.

სიმონიშვილის განმარტებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმებს დროულად არ შეაჩერებს, საბოლოო გადაწყვეტილებაში გარკვეული დროის შემდეგ რომც დააკმაყოფილოს სარჩელი და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნოს, მის გადაწყვეტილებას უკუმოქმედების ძალა არ ექნება და უბრალო სამართლებრივ შეფასებად დარჩება.

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ ორი ახალი სამსახურის უფროსის არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების დროებით შეჩერებისთვის იურიდიული და კონსტიტუციური თვალსაზრისით არაფერს ცვლის. ის იხსენებს ეროვნული ბანკის საქმეს 2015 წელს – მაშინ პარლამნეტმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო გამოყო და სააგენტოს ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საჯარო სამართლის ახალი იურიდიული პირის მუშაობა შეაჩერა. სააგენტომ სულ 2 დღე იმუშავა.

„თუ საკონსტიტუციო სადავაო ნორმებს დროულად შეაჩერებს, ახლად არჩეული ადამიანების უფლებამოსილებაც შეჩერდება“, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ბურჯანაძემ. დროულობაში ის 1 მარტამდე შეჩჩერებას გულისხმობს.

„1 მარტის შემდეგ თუ დაიწყებს განხილვას, საკონსტიტუციო სასამართლო თავის თავს ფუნქციას დაუკარგავს. საკონსტიტუციო სასამართლომ 1 მარტამდე უნდა განიხილოს და გამოიტანოს ნორმის შეჩერების გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლო იმიტომ გვჭირდება ამ ქვეყანაში, რომ მათ კონსტიტუციური კანონიერება და კონსტიტუციის უზენაესობა უზრუნველყონ. ის, რაც პარლამენტმა გააკეთა დეკემბრის ბოლოს, როცა 3 დღეში მიიღო კანონი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების შესახებ, არის ყველაზე არაკონსტიტუციური რამ, რაც კი თეორიულად შეიძლება, კონსტიტუციურ სამართალში წარმოიდგინოთ. საკონსტიტუციო სასამართლო ახლა თუ თავის როლს და ფუნქციას არ შეასრულებს იმით, რომ ჯერ ნორმას შეაჩერებს და მერე არაკონსტიტუციურად ცნობს, შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ქვეყანაში თავის ფუნქციას სრულად დაკარგული აქვს“, — აცხადებს ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, თუ საკონსტიტუციომ სადავო ნორმები არ შეაჩერა, მომავალში არაკონსტიტუციურადაც რომ ცნოს ისინი, შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაინც გაუქმებულად ჩაითვლება და ახალი სამსახურები იმოქმედებს. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლომ 1 მარტამდე უნდა შეაჩეროს სადავო ნორმები. თუ ამას არ გააკეთებს, გარკვეული საფრთხის წინაშე დააყენებს ახალ სამსახურებსაც, ვინაიდან, 2 წლის მერე თუ იტყვის, ეს ნორმები არაკონსტიტუციურიაო, პირობითად იმდროინდელი ხელისუფალი თუ ახალი სამსახურების უფროსებითაც უკმაყოფილო იქნა, მათი გათავისუფლების საფუძველი შეექმნება“, — ამბობს ბურჯანაძე.

დღეს, 16 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოს შესთავაზა სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება, რომელიც სადავოდ გამხდარ ნორმათა მოქმედების დროებით შეჩერებას ეხება.

GDI მიუთითებს, რომ საერთაშორისო იურისდიქციებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ უნდა შეაჩეროს ნორმათა მოქმედება იმ შემთხვევაში, თუკი შექმნილი ფაქტობრივი ვითარებიდან გამომდინარე კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნება პირის აღდგენა უფლებაში, ხოლო ნორმათა მოქმედების შეჩერებით მიღებული სარგებელი აღემატება მათი ძალაში დატოვებით მიღებულ სარგებელს.

„იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილ ორგანოებად ჩამოყალიბდება, ხოლო კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილებისა და ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილების აღდგენა, მოვლენათა პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება. სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერების საკითხის დროულად გადაუწყვეტლობა საერთოდ დაუკარგავს აზრს ამ საკითხზე კონსტიტუციური მართლმსაჯულების შემდგომ განხორციელებას და მას ფიქციად აქცევს“, — აცხადებს GDI.

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა და არ იციან, როდის მიიღებენ მოსამართლეები შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილია. საია-ს თავმჯდომარის თქმით, სწორედ მასზეა დამოკიდებული საქმის დროულად განხილვა ან (ამ შემთხვევაში),განუხილველობა.

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9 მოსამართლეს შორის იყო, რომელმაც 2017 წელს მხარი დაუჭირა “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას. როინიშვილს წარსულში გაცხადებული აქვს, რომ მეგობრობს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან, რომელსაც არასამთავრობო სექტორის ნაწილი “სასამართლო კლანის” ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებს, თუმცა თვითონ როინიშვილი სასამართლო სისტემაში გავლენიანი კლანის არსებობას უარყოფს.

პარლამენტის მიერ დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციოს დაველოდებით – ჰარცელი ინსპექტორზე

მასალების გადაბეჭდვის წესი