ახალი ამბები

რატომ გაქრა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის ვებგვერდიდან

2 აპრილი, 2022 • 1353
რატომ გაქრა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის ვებგვერდიდან

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან, რომელიც მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო შექმნილი, ყველა ინფორმაცია წაშალა. თავად საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ინფორმაცია არ წაშლილა და მხოლოდ დროებით არის მიუწვდომელი.

საუბარია ვებგვერდ sis.gov.ge-ზე, რომელსაც 2 წლის მანძილზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მართავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა აღნიშნული უწყება გააუქმა, ვებგვერდი ინსპექტორის მაგივრად შექმნილი ერთ-ერთი უწყების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელში გადავიდა.

ლონდა თოლორაიას თქმით, საიტიდან წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, შეხვედრები (მათ შორის, საერთაშორისო შეხვედრები).

როცა ვებგვერდის სტუმარს სახელმწიფო ინსპექტორის პერიოდში მომზადებული მასალების ხილვა სურს, ეკრანზე ჩნდება წარწერა: “კონტენტი დროებით მიუწვდომელია”.

“ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია.

ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებგვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ”, — წერს თოლორაია “ფეისბუკზე”.

ლონდა თოლორაიას ამ განცხადებას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასევე ფეისბუკ პოსტით უპასუხა. უწყება ამბობს, რომ ხსენებული მასალები გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ გამოჩნდება ვებგვერდზე.

“www.sis.gov.ge – გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.

საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

კანონპროექტი, რომლის ძალითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, “ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატებმა გასული წლის დეკემბერში მოამზადეს. ეს მაშინ მოხდა, როცა უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილა და მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც, ინსპექტორის მაგივრად, შეიქმნა 2 უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

როგორც კანონპროექტის შინაარსს, ისე მის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებდნენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.

ლონდა თოლორაია მიიჩნევს, რომ პროცესი იყო არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ მისი ლიკვიდაცია. ის ამბობდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიდნენ. მმართველ გუნდში ამას უარყოფდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი