ახალი ამბები

ამას პოლიტიკურ დევნად ვერ ჩავთვლი – თალაკვაძე ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე

16 დეკემბერი, 2019 • 829
ამას პოლიტიკურ დევნად ვერ ჩავთვლი – თალაკვაძე ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებასა და მის წინააღმდეგ გამოძიებას პარლამენტი თვალყურს მიადევნებს.

თალაკვაძე დასძენს, რომ ყველამ უნდა გასცეს კითხვებს პასუხები.

“როდესაც არის კითხვები, ისევე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ ჩვენს ქვეყანაში, პარლამენტის წევრმაც ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. შესაბამისად, ამას მე პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარება უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. მათივე ცნობით, რადგან ბოკერია პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რათა ის მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.

“გამოძიებას გააჩნია კითხვები გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ბოკერიას თქმით, ამ საკითხზე პროკურატურამ გამოძიება წლების წინ დაიწყო, თუმცა ბოლო 5 წელია არ დაუკითხავთ. შესაბამისად, საქმის გააქტიურებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ძველი საქმეა, რომელიც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში გაახსენდათ – ბოკერია

მასალების გადაბეჭდვის წესი