ახალი ამბები

ძველი საქმეა, რომელიც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში გაახსენდათ – ბოკერია

15 დეკემბერი, 2019 • 1207
ძველი საქმეა, რომელიც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში გაახსენდათ – ბოკერია

გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქმეზე, რაზეც მას პროკურატურაში გამოკითხვაზე იბარებენ, ბოლოს 2014 წელს დაკითხეს.

ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ეს საქმე “კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში” გაახსენდა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მოითხოვს მოსამართლის წინაშე მოხდეს მისი გამოკითხვა.

“ეს არის ძველი საქმე, რომელზეც ხუთი წელია აღარ შევუწუხებივარ. ახლა გაახსენდათ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში. უნდა გითხრათ, რომ ერთი ან რომელიმე პერსონის საკითხს ხომ არ ეხება, ზოგადად არის ეს კლიმატი აგონიის. ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას. აქ მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი. გიგი უგულავს აქვს ბრალი წაყენებული, ნიკა მელიას და სხა ლიდერებს… უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ გადარჩენის გზად. ცდებიან, რადგან ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს ცვლის. ივანიშვილს ერთადერთი გამოსავალი აქვს, ან გადადგას ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისკენ ანუ უკან წაიღოს შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ან გააგრძელოს ეს უტიფრობა და ძალიან ცუდად დაამთავროს,”-ამბობს ბოკერია.

დღეს, 15 დეკემბერს გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარება უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. მათივე ცნობით, რადგან ბოკერია პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რათა მისი გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის მიერ მოხდეს.

“გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით,”-აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი