ახალი ამბები

სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე – ვოლსკი „სირცხვილიაზე“

12 დეკემბერი, 2019 • 816
სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე – ვოლსკი „სირცხვილიაზე“

„არ ვიცი, რისი სუნია, მაგრამ ფაქტია, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ თუ სხვა „კმარელები“ საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი სერიოზულად ცუდად შეიქნა, მათ შორის- ერთი დამლაგებელი, რომელსაც, როგორც ჩანს, სიმსივნის ფონზე ალერგია განუვითარდა და არიან სხვებიც“, — აცხადებს „ქართული ოცნების“ პარლამენტარი გია ვოლსკი.

13:12 საათზე პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რადგან ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა. დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი არასასიამოვნო სუნი დადგა. უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა თქვა, რომ შეუძლოდ გახდა ამ სუნის გამო.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მოძრაობა „სირცხვილიამ“ ფეისბუკზე დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა სირცხვილია“.

თუმცა მოგვიანებით შოთა დიღმელაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ისინი („სირცხვილია“) ფიზიკურად არ ყოფილან პარლამენტში, შესაბამისად, უშუალოდ მათ არ დაუსხამთ, თუმცა „არ გათქვამენ“, ვინ დაასხა სითხე.

გია ვოლსკიმ განაცხადა: „სუნის დაყენება დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შემოსვლას… მე ვაკავშირებ, რომ მათ გააკეთეს… ფაქტია, რომ შემოვიდნენ, ნატო ჩხეიძეს მიუახლოვდნენ, შეიძლება, გააფრთხილეს“, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი