ახალი ამბები

აუცილებელია კვლავ აღდგეს ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ – კუბილიუსი

10 დეკემბერი, 2019 • 1163
აუცილებელია კვლავ აღდგეს ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ – კუბილიუსი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია ნდობის დაკარგვა საარჩევნო სისტემის მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო დონეზე.

“რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს და შეშფოთებული ვართ ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც დემოკრატიას შეაფერხებს. სამომავლო არჩევნებზე ვისაუბრეთ და სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ დიალოგს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე კვირის წინ და რომლის ინიციატორიც გახლდათ ევროკავშირის ელჩი. მე პირადად მქონდა შეხვედრა ოპოზიციონერ ლიდერებთან, აგრეთვე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან.

ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი დაპირება მოვისმინე მმართველი პარტიისგან, რომ დიალოგი გაგრძელდება და დიალოგის შედეგად მიაღწევენ ხელშესახებ შედეგებს; საარჩევნო სისტემა იქნება პროპორციული, რომელიც არჩევნების დროს ხელს შეუწყობს ბალანსირებული შედეგის მიღწევას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ კვლავ აღდგება ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ, რომელიც დაიკარგა, როდესაც მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო თავისი დაპირების შესრულება, რომელიც უკავშირდებოდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას. ეს ნდობა დაიკარგა როგორც ეროვნულ, ისე – საერთაშორისო დონეზე. ასევე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პრინციპი, მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მკაცრი”, – თქვა კუბილიუსმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს, თბილისში გაიმართა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის წარიმართება მრავალმხრივი საპარლამენტო დიალოგი საერთო ინტერესის სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა ურთიერთობა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი