ნეტგაზეთი | გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის დისკუსიების მხარეებს მიმართავს და ქმედით ნაბიჯებს ითხოვს გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის დისკუსიების მხარეებს მიმართავს და ქმედით ნაბიჯებს ითხოვს – Netgazeti
RU | GE  

გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის დისკუსიების მხარეებს მიმართავს და ქმედით ნაბიჯებს ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დაწყებამდე [10-11 დეკემბერი] ერთი დღით ადრე, დღეს, 9 დეკემბერს, ცხინვალში დაპატიმრებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა ბრიფინგი გამართა და მოლაპარაკებათა მხარეებს მოუწოდა, “ყველა ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენონ გაფრინდაშვილის დასხსნელად და იგრძნონ პასუხისმგებლობა და პრობლემის სიმწვავე”.

“განიხილონ ვაჟა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქე, რათა მოხდეს შეთანხმება და ვაჟა უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, მიუდგნენ, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს”.

ოჯახის განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები არაერთხელ დაჰპირდნენ 100%-იანი პასუხისმგებლობით, რომ გაფრინდაშვილს ძალიან მალე, უახლოეს 2-3 დღეში გაათავისუფლებდნენ. ამ მხრივ კი, ოჯახის განცხადებით, განსაკუთრებული იმედი ჰქონდათ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე.

“ამ შეხვედრის და მორიგი დაპირებების მიუხედავად, გაფრინდაშვილის ბედი დღემდე უცნობია და შედეგი ნულია!

ბრიფინგზე ოჯახმა სხვა მოთხოვნების შესახებაც ისაუბრა: ჟენევის დისკუსიების მხარეებთან  მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი; ასევე, ოჯახი საქართველოს მთავრობისგან მეტ ქმედით ნაბიჯებს ითხოვს.

“თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს”, – აცხადებს გაფრინდაშვილის ოჯახი.

ბრიფინგზე ოჯახმა  გაფრინდაშვილის დაკავების დეტალებიც გაიხსენა და განმარტა, თუ რატომ არ გახმიანდა ექიმის დაკავებაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ:

“გვქონდა რეკომენდაცია, რომ არ გაგვეჟღერებინა, რადგან შესაძლოა ამას გავლენა მოეხდინა ვაჟას მდგომარეობაზე იზოლატორში”.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ქართული მხარე კვლავაც ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

 

ბიბილოვის პირადი პატიმარი? – 22 დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი