საზოგადოება

საქართველოსგან რაკეტებს კი არა, მორალურ მხარდაჭერას ითხოვენ — ვაჟა გაფრიდნაშვილი უკრაინიდან

8 აპრილი, 2022 • 4700
საქართველოსგან რაკეტებს კი არა, მორალურ მხარდაჭერას ითხოვენ —  ვაჟა გაფრიდნაშვილი უკრაინიდან

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 8 ქართველ კოლეგასთან ერთად მეოთხე დღეა უკრაინაში იმყოფება. იგი ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის ქალაქ კოლომიას ერთ-ერთ საავადმყოფოში დახმარებას უწევს სამოქალაქო პირებს, ასევე გამოცდილებას უზიარებს ადგილობრივ კოლეგებსაც.

როგორც ნეტგაზეთთან ამბობს, უკრაინაში ჩასვლა უფრო „დაზვერვითი“ იყო და როცა მოხალისე ექიმები რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნდებიან, უკრაინელებისთვის აუცილებელი დახმარების უზრუნველყოფას უფრო აქტიურად შეძლებენ. რა სჭირდებათ უკრაინელებს და როგორია მათი განწყობა საქართველოს მიმართ, ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ვაჟა გაფრინდაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.


როგორ ჩახვედით უკრაინაში და ახლა სად და ვისთან ერთად ხართ?

9 ექიმი  წავედით 4 აპრილს, მეათე ექიმი — გერმანიაში მცხოვრები გიორგი პატარაია —კრაკოვში დაგვხვდა. ორგანიზება გაგვიწია, თავის მანქანით იყო ჩამოსული, ჩაგვიყვანა და დაგვაბინავა. თავად თავისი ხარჯებით ორჯერ ჩამოვიდა უკრაინაში და პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ეხმარებოდა ლტოლვილებს გადაადგილებაში, რამდენჯერმე ჩამოუტანა ჰუმანიტარული დახმარება. 50-ზე მეტი ლტოლვილისთვის მოახერხა თავის პატარა ქალაქში ადგილის გამოყოფა. ჩვენც ჩამოგვიყვანა, დაგვაბინავა და ჩამოგვაკითხავს, რომ ისევ უკან წაგვიყვანოს კრაკოვამდე. საკმაოდ ძნელია საზღვარზეც გადაადგილება, ტრანსპორტი თავისუფლად არ დადის.

ჩავიტანეთ ჰუმანიტარული დახმარება. სხვადასხვა კლინიკაში ვართ. ტრენინგებს ვუტარებთ მოხალისეებს, მერიის თანამშრომლებს… პარალელურად გვაქვს კონსულტაციები, კლინიკებში ავადმყოფებს ვმკურნალობთ და ა.შ. შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვეხმარებით.

რა მდგომარეობა არის ახლა იმ ქალაქში, სადაც თქვენ ხართ?

ეს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილია,  რუმინეთის საზღვრისკენ, და აქეთ სიწყნარეა.  სამხედრო აეროდრომი იყო, რომელიც 24 მარტს დაბომბეს, მას შემდეგ აქ სიმშვიდეა შედარებით, თუ სიმშვიდე შეიძლება ითქვას. თუმცა დღეში ორჯერ მაინც არის განგაშის სიგნალი და ყველა იძულებული ვართ, თავშესაფარში ჩავიდეთ. 10 საათზე იწყება კომენდანტის საათი და 9 საათის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი ჩაბნელებული და ჩამკვდარია,  ქუჩაში არავინ დადის და გაჩერებულია ყველაფერი.

როგორ გადაწყდა, რომ თქვენ კონკრეტულად ამ ქალაქში ყოფილიყავით, თავად შეარჩიეთ თუ უკრაინულმა მხარემ გაგანაწილათ?

„ლელოს“ მხარდაჭერით უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება მოხდა. ჯანდაცვის სამინისტრომ თვითონ მიგვითითა ეს რეგიონი და ქალაქი. ალბათ, მოგვიფრთხილდნენ, რომ უფრო მშვიდობიან რეგიონში გავეშვით. თუმცა ყველა ჩვენგანს გვერჩივნა, რომ უფრო აქტიურ ზონაში ვყოფილიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე გამოვიდა.

ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა წევრია ბაკურ მეტრეველი, რეანიმატოლოგია, რომელმაც ერთ-ერთი უკრაინელი მოქალაქე გადაარჩინა და მისი დამსახურებით დღეს ცოცხალია. თუნდაც მარტო ამის გამოც ღირდა ჩვენი აქ ჩამოსვლა.

რა მდგომარეობაა სამედიცინო კუთხით, არის თუ არა ექიმების ნაკლებობა?

ექიმების ძირითადი ნაწილი ჰოსპიტლებში და სამხედრო სტრუქტურებში არიან ჩართულები. საკმარისი ექიმები არიან. უბრალოდ, სტრუქტურა არის ისეთი, რაც ჩვენთან 90-იან წლებში იყო. ფიზიკურად არ დასცალდათ, წელს იწყებოდა დიდი რეკონსტრუქციები სამედიცინო სფეროში, რომელიც ომის გამო ვერ მოხერხდა. აქ სამხედრო ჰოსპიტლები ცალკეა, რამდენიმე ძალიან დიდი ჰოსპიტალია და ვარკვევთ, იქ თუ არის გამოცდილი კადრების საჭიროება და თუ იქნება საჭირო მოხალისე ქართველი ექიმების გამოცდილება, მოხდეს კვალიფიციურ დახმარებაში მათი ჩართვა უშუალოდ სამხედროებისთვის.

როგორია უკრაინელების განწყობა საქართველოს მიმართ? უკრაინის ოფიციალური პირებისგან საქართველოს მთავრობის კრიტიკა გვესმის, მოსახლეობის მიმართ კი, მადლობა.

უდიდეს პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეებს. საკმარისია გაიგონ, რომ საქართველოს მოქალაქე ხარ და უდიდესი პატივისცემაა ყველას მიმართ. სამწუხაროდ, იციან ყველაფერი, თუ რა განცხადებები კეთდება ჩვენი მთავრობის მხრიდან. იმიტომ, რომ საქართველოს თავიანთ მეგობარ ქვეყნად მიიჩნევენ და გაკვირვებულები და გაოცებულები არიან, თუ რატომ არის ოფიციალური სტრუქტურების ასეთი დამოკიდებულება.

ცხადია, ისინი ჩვენგან არ ითხოვენ არც ატომურ ბომბს, არც ბალისტიკურ რაკეტებს, არც ავიაგამანადგურებელს… ითხოვენ ოფიციალურად მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას. ჩვენი სახელმწიფო საერთაშორისო სტრუქტურებში კარგად იქცევა და ეს ასეც უნდა იყოს, მხარს უნდა უჭერდეს ყველა რეზოლუციას, რომელიც უკრაინის საკითხს ეხება რუსეთის წინააღმდეგ. კარგია, რომ ამაში მხარს ვუჭერთ, მაგრამ შემდეგ რას ამბობენ და რა ხდება, ეს ყველამ იცის, ჩვეულებრივი მაღაზიის გამყიდველმაც კი.

სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ, არ მიგვიჩნევენ ჩვეულებრივ, რიგით სახელმწიფოდ, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ალბათ, ითხოვენ, რომ როგორც მეგობარს, აქტიურად დაუჭირო მხარი, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ უფრო გულიანად. სამწუხაროდ, ამაში მათ [უკრაინელებს] ვეთანხმები.

სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ, რა საჭიროებები დაინახეთ, როგორ შეუძლია საქართველოს უკრაინას დაეხმაროს, გარდა პოლიტიკური და სამხედრო დახმარებისა?

ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და, ცხადია, ყველაფერში საჭიროა დახმარება. იმხელა მონსტრთან, [როცა იბრძვის], როგორიც რუსეთია, რამხელა თანხები სჭირდება, წარმოსადგენია. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირი, ნატო და აშშ ეხმარებიან იმ იარაღით, რომლის წარმოებაც დღეს უკრაინაში შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი დახმარებაა. ისე თითქმის ყველაფერი საჭიროა, თუნდაც წამლები, ტანსაცმელი… დიდი რაოდენობით არის ეს დახმარებებიც, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება, ხელს არ შეუშლით.

ალბათ, შეგვიძლია დავეხმაროთ სამედიცინო კუთხით – თანამედროვე მეთოდებით, თანამედროვე მკურნალობის საშუალებების მიწოდებით, ტრენინგებით… უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ჩამოვედით. ეს არის მათთვის უდიდესი მორალური მხარდაჭერა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი