ახალი ამბები

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

26 იანვარი, 2021 • 949
ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

ვაჟა გაფრინდაშვილი გეგმავს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს. როგორც ექიმი “მთავარ არხთან” ინტერვიუში აცხადებს, მისი მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია:

“რა ფორმულირება იქნება, რა კომპენსაციის მოთხოვნა იქნება ,ეს მეორეხარისხოვანია. თუნდაც 1 ლარზე იყოს ლაპარაკი. მთავარია პრინციპი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და სასჯელი თუ არა, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დადასტურება, რომ საქართველო იმყოფება რუსეთის ბულინგის ქვეშ”, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი “მთავარ არხთან”.

გაფრინდაშვილის სარჩელზე ცენტრი “ემპათია” მუშაობს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, დავას რამდენიმე მუხლით აპირებენ, მათ შორის ევროპული კონვენცისს მე-3 მუხლითაც, რომელიც წამებას და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად გადავიდა.

„გასახსენებელი ბევრი არაფერი არ არის. ერთ-ერთი მიზეზი, მთავარი მიზეზი რაც იყო, იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს, ვინ იყო და სად ცხოვრობდა, რადგან პრობლემები შეექმნება“, – განუცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

მისი თქმითვე, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს, გადასვლის მიზეზად სოფელ მონასტერში არსებული ეკლესიის მონახულება დაუსახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი