წარსულში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 2019 წლის ნოემბერში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გენადი ბესტაევი, ინსულტის მიღების შემდეგ, საპყრობილიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც გაფრინდაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, მას ადგილობრივმა წყარომ აცნობა, რომ ინსულტის მიღების შემდეგ ბესტაევი კომატოზურ მდგომარეობაშია.
ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ნეტგაზეთს განუცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ცხელი ხაზის მეშვეობით, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი გადმოყვანის პროცესში ჩართულია ჟენევის თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს , რომ მოხდეს მისი სწრაფი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გამოგზავნილ წერილში.
გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს სოფელ ზარდიაანთკარში დააკავეს. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა და ნარკოტიკების გადატანა.