ახალი ამბები

ხუნდაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემას 30-ზე მეტი დეპუტატი ემხრობა, გავაგრძელებთ პროცესს

6 დეკემბერი, 2019 • 825
ხუნდაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემას 30-ზე მეტი დეპუტატი ემხრობა, გავაგრძელებთ პროცესს

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ თანაგუნდელებისგან სრულად მაჟორტიარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობის ფორმატში იმსჯელეს, მაგრამ ვერ მიიღო თანხმობა შემდგომი შეხვედრის გამართვაზე. თუმცა, ხუნდაძის განმარტებით, იდეის მომხრე დეპუტატები პროცესის გაგრძელებას შეეცდებიან.

ხუნდაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე დაძაბულობა არ ყოფილა და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შესაბამისი კანონპროექტი წარედგინათ თანაგუნდელებისთვის და დაესვათ კითხვები და მათგან მიეღოთ პასუხები თუმცა პასუხები ამომწურავი არ ყოფილა.

“მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით, 2020 წელს არ ვეხებით საარჩევნო სისტემას და ის რჩება შერეული სახით, ჩვენ საკითხს ვაყენებთ, რომ შემდგომი პროპორციული სისტემა და საკონსტიტუციო ჩანაწერები იძლევა საფუძველს, რომ დესტრუქციულმა ძალებმა გააგრძელონ ქუჩაში მათთვის ჩვეული დესტრუქციული ქმედებები. ეს ქმნის ძირითად საფრთხეს, რომ ამ სისტემით შეიქმნება არასტაბილური პოლიტიკური გარემო. ხედავთ, რომ ქუჩაშია დექსტრუქციული ძალა, ისინი ამას ძალიან კარგად ახერხებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას ამიტომ, ჩვენ ამაზე გვჭირდება ამომწურავი პასუხი.

პასუხი ვერ მივიღეთ. პასუხები პრაქტიკულად იყო იგივე, რაც აქამდე მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი. უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა მე ამაზე დადებითი პასუხი ვერ მივიღე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პროცესს, გავალთ ხალხში. ჩვენ ვიცავთ ყველა პროცედურულ და შიდა გუნდურ წესს” – ამბობს ხუნდაძე.

მისი თქმით, ინიციატივის წინააღმდეგი იყო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა ხუნდაძე ამბობს, რომ მის ინიციატივას მხარს უკვე 30-ზე მეტი დეპუტატი უჭერს.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ყველა დეპუტატს აქვს უფლება, მსგავსი საკითხები წამოაყენოს, თუმცა იმ ფონზე, რომ პროპორციული სისტემის თაობაზე საზოგადოებაში კონსენსუსია, მის საპირისპირო მოდელზე საუბარი არასწორია:

“ეს ადამიანები ამბობდნენ და კიდევ რამდნიმე დაემატა, რომ ეს არის კარგი გზა ქვეყნის განვითარებისთვის, დემოკრატიული გზაა. აპელირებენ ამერიკულ მოდელზე და ფიქრობენ, რომ საზოგადოების დაკვეთით ისინი აიძულებენ, პოზიტიური გაგებით, საქართველოს პარლამენტს რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.

როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, საზოგადოების კონსენსუსია, რომ პროპორციული სისტემა ამ ქვეყნისთვის არის კარგი, საპირისპირო მოდელზე არც კი უნდა ვისაუბროთ. ახლა იმ იდეას, რომელსაც აყენებს დეპუტატების გარკვეული ნაწილი, უდნა დაეთანხმოს ყველა დანარჩენი, რაც არ მოხდება. აქედან გამომდინარე ვამბობ მყარად, რომ ეს გადაწყვეტილება მიღბული არ იქნება” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

პროპორციული არჩევნები 2024-შიც სათუოა?

მასალების გადაბეჭდვის წესი