ახალი ამბები

პროპორციული არჩევნები 2024-შიც სათუოა?

25 ნოემბერი, 2019 • 2190
პროპორციული არჩევნები 2024-შიც სათუოა?

“ქართული ოცნების” მიერ დღეს შემოთავაზებული ინიციატივა უშვებს იმას, რომ შესაძლოა სრულად პროპორციული წესით არჩევნები არც 2024 წელს ჩატარდეს.

ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს, თუმცა ოცნება ამ საკითხის რეფერენდუმზე ან პლებისციტზე გატანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

“როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ. თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კეჭიყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს  დადგება”, – განაცხადა კალაძემ.

იმისათვის, რომ კონსტიტუცია ერთი მოწვევის პარლამენტმა შეცვალოს, საჭიროა 113 ხმის მობილიზება.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წელსვე ითხოვს, ეს “ქართული ოცნების” დაპირებაც იყო, რომელიც არ შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი