ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის “საემიგრაციო ბიზნესი” და სკანდალი გერმანიაში

4 დეკემბერი, 2019 • 2577
აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის “საემიგრაციო ბიზნესი” და სკანდალი გერმანიაში

ავტორი: გუნელ მევლუდი


ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ვაჭრობდა აზერბაიჯანული ოპოზიცია პარტიული “ბილეთებით”

დაახლოებით ერთი თვეა აზერბაიჯანში განიხილავენ გერმანულ პრესაში გავრცელებულ სკანდალურ ფაქტს. როგორც ცნობილი გერმანული გამოცემები წერენ, გერმანულმა პოლიციამ შვიდი კაცისგან შემდგარი ორგანიზებული დაჯგუფების აყვანის ოპერაცია ჩაატარა. ჯგუფის წევრებს, ბრალდების თანახმად, აზერბაიჯანიდან ემიგრანტები არალეგალურად გერმანიაში გადაჰყავდა. ადგილობრივმა ფედერალურმა სასამართლოებმა კანონდამრღვევებისთვის აღკეთის ზომად ექვსი თვით პატიმრობა გამოიყენეს.

10 ათასი ევრო “დახმარების” სანაცვლოდ

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გერმანიაში “საემიგრაციო ბიზნესს” ეწეოდნენ და 3-დან 10 ათას ევრომდე თანხის სანაცვლოდ მინიმუმ 20 ადამიანი ჰყავდათ გადაყვანილი. 

დაჯგუფების მონაწილეებს ასევე ბრალი ედებათ იმაში, რომ არალეგალებს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად ყალბ საბუთებს უმზადებდნენ. 

ფედერალური პოლიციის 180-მა თანამშრომელმა, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობდა, დიდი რაოდენობით მტკიცებულებები ამოიღო. კერძოდ, ინფორმაციის მატარებლები, ნოუთბუქები და სმარტფონები, სხვადასხვა დოკუმენტი და 21 ათასი ევრომდე თანხა. როგორც აღმოჩნდა, გერმანიაში საქმის გამოძიება 2019 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა. 

100- წლიანი ოპოზიციური პარტია და დოკუმენტებით ვაჭრობა

ყველაფერი ძალიან მარტივად ასახსნელი იქნებოდა – მდიდარ ევროპულ ქვეყანაში ბევრს სურს არალეგალური გზებით მოხვედრა. თუმცა საქმე ის არის, რომ ორგანიზებული დაჯგუფების წევრები აღმოჩნდნენ ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციური პარტია “მუსავათის” წევრები. 

პარტიის ფილიალი და ბიზნესი ემიგრაციით

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ქვეყნიდან ემიგრაციის ინტენსიური პროცესის დროს [პოლიტიკური მოტივებით დაკავებები და დევნა] ოპოზიციურმა პარტია “მუსვათიმ” შექმნა ევროპული საკოორდინაციო საბჭო, პარტიის გარკვეული ფილიალი გერმანიაში, რადგანაც ეს ქვეყანა ყველაზე პოპულარულია ემიგრირებულ აზერბაიჯანელებს შორის და ამავე დროს, ბევრი “მუსავათელი” ცხოვრობს – ისინი, ვინც აზერბაიჯანს პოლიტიკური მიზეზით ტოვებდნენ. 

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობის პირველადი ამოცანა იყო გერმანიაში თანამემამულეების დახმარება, ასევე, პარტიის პოლიტიკური საქმიანობის გერმანიიდან გაგრძელება და აზერბაიჯანის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.  

თუმცა, გერმანიაში ორგანიზაციის დაფუძნების პირველივე წელს აზერბაიჯანის პრესაში და სოციალურ მედიაში იწერებოდა “მუსავათის” ევროპული საკოორდინაციო საბჭოს არალეგალური და მერკანტილური მისიის შესახებ. საუბარი იყო იმაზეც, რომ “მუსავათი” ე.წ. პარტიულ ბილეთებს მასობრივად გასცემდა აზერბაიჯანელებზე, მათთვის პოლიტიკური პორტფოლიოს შესაქმნელად და, შესაბამისად, გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.

აზერბაიჯანელ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს არაერთხელ დაუწერიათ იმის შესახებაც, რომ პარტია “მუსავათის” ლიდერებისთვის ცნობილი იყო გერმანიაში მიმდინარე აღნიშნული მოვლენები და  თავადაც ყველანაირად უჭერდნენ მხარს ამ უკანონო საქმიანობას.

 ხელისუფლების ინტერესები

პარტიის ლიდერებს არაერთხელ უარყვიათ მსგავსი ბრალდებები და პასუხად ის ადამიანები დაუდანაშაულებიათ,  რომლებიც ამის შესახებ წერდნენ. მეტიც, მათ “გამყიდველებსა” და “ხელისუფლების ინტერესების მატარებლებს” უწოდებდნენ. 

თუმცა იმ ადამიანებს შორის, ვინც “მუსავათის” წევრებს უკანონო საემიგრაციო ბიზნესში ადანაშაულებდა, თავად “მუსავათელებიც” იყვნენ. 

“მუსავათის” წევრებს, ქენულ შამილქიზის, იადიგარ სადიღლის, ელმან ფათახის და სხვებს, არაერთხელ უსაუბრიათ იმ “შავბნელი პროცესების” შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გერმიანიაში, და ლიდერებისგან იქ არსებული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა მოუთხოვიათ.

პასუხად კი ლიდერები, უბრალოდ, უგულებელყოფდნენ პარტიის წევრებზე საჩივრებს. 

ყველაფერი კიდევ უფრო უცნაურად ჩანდა იმის ფონზე, რომ აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო პრესა, რომელიც, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ცდილობს ხოლმე მსგავსი ამბები სათავისოდ გამოიყენოს, დუმდა. 

ამჟამად, როდესაც “მუსავათის” პარტიის წევრები დაკავებული არიან და გამოძიება მიმდინარეობს, პროსახელისუფლებო პრესა, გაზეთები და ტელევიზიები საკმაოდ გვიან და ზანტად რეაგიებენ და ამბავს მხოლოდ გერმანულ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებენ 

ამავე დროს, პარტიის ირგვლივ სკანდალი გრძელდება და საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. მაგალითად, მნიშვნელოვანი ფიგურა, რაშად მამედოვი, რომელიც მეჰდი ჰალილბაილის, გერმანიაში მუსავათის არსებული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის მძღოლი იყო. თავად მეჰდი  ჰალილბაილის გერმანელი სამართალდამცველები დაჯგუფების ლიდერად მიიჩნევენ. 

როგორც დაკავების სანქციებში წერია, რაშად მამედოვმა ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი როლი ითამაშა ემიგრაციული ბიზნესით დაკავებული ჯგუფის გამოვლენაში და ხელმძღვანელების უკანონო ქმედებებზე პოლიციას ინფორმაციას ჯერ კიდევ 2014 წელს აწვდიდა.

მის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ევროპაში მცხოვრებმა “მუსვათელმა” ჟურნალისტმა, იარფეზ ეკრემოღლუმ.

“მამედოვმა სრული და ობიექტური ინფორმაცია წარმოადგინა, იმის მიუხედავად, რომ თავადაც შეიძლება დაზარალდეს. ამიტომაც მის მიმართ თავდასხმები სრულიად ნორმალურია. რაშადმა დიდი როლი ითამაშა ბინძური საქმეების გამოვლენაში”, – წერს ჟურნალისტი, არიფ გაჯილის, “მუსავათის” თავმჯდომარის ახლობლების მიერ მძღოლის მიმართ თავდასხმებთან დაკავშირებით.

სკანდალზე საკმაოდ ცივსისხლიანი რეაქცია ჰქონდა არიფ გაჯილის, “მუსვათის” ლიდერს, რომელიც სულ ახლახან მეორე ვადით აირჩიეს. თუმცა საზოგადოება, განსაკუთრებით კი ის პარტიელები, ვინც სკანდალში არ არიან გახვეული, ელოდნენ მისგან განმარტებებს, რომ “ბრალდებები უსაფუძვლოა”.

ამასთან,  რაშად მამელდოვის [მძღოლის] ჩვენებისა და გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის, ეკრემოღლუს შესაბამისად, პარტიის ლიდერი არათუ საქმის კურსში იყო, თავადაც მხარს უჭერდა და ლობირებდა უკანონო ბიზნესს. 

მათივე განმარტებებით ირკვევა, რომ გერმანიაში უკანონო საქმიანობა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვისაც ცნობილი იყო და ევროპაში საკუთარი აგენტების ჩანერგვის მიზნით თავადაც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მათთან. 

ამ სკანდალის შედეგი კი ის არის, რომ გერმანიის საემიგრაციო სამსახურებმა აზერბაიჯანელი მიგრანტების სამშობლოში მასობრივად უკან დაბრუნება დაიწყეს – მხოლოდ ბოლო ორ კვირაში 200 -მდე ადამიანი. მათ შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვნდენ. “მუსავათელების” მიერ გაცემული ყველა პარტიული “ბილეთი” უკვე გამოუსადეგარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი