ახალი ამბებიკომენტარი

ოთხი სეზონის პოლიტიკა

27 ნოემბერი, 2019 • 8135
ოთხი სეზონის პოლიტიკა

ავტორი: ლევან ცუცქირიძე


სამოქალაქო პოლიტიკური პროტესტი, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, საქართველოს დემოკრატიულ შესაძლებლობებს აძლიერებს და აფართოებს. ამას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სამოქალაქო წინააღმდეგობის უნარები  დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის აუცილებელია. გარდა იმისა, რომ მიმდინარე აქციები ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან მიზანს, ის გრძელვადიანი შედეგი, რასაც ის მოიტანს, არანაკლებ არსებითია. 

პროტესტის ფონზე რეალურად ხდება ახალი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი, პროდემოკრატიული ნაწილის ფორმირება. პროტესტის ლიდერებად ჩვენ ვხედავთ ახალ ადამიანებს, წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ხშირად კი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  ეროვნული უმცირესობებით დასახლებული მხარეებიდან და ქალებს, რაც ძალიან სასიხარულოა. პროტესტისა და გამოხატვის ახალი ფორმების ძიება, მუდმივი ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებთან, საჯარო მანიფესტაციების ორგანიზება, კომუნიკაციის ფორმების განვითარება და სხვა საჯარო პოლიტიკური ამოცანების შესრულება ხელს უწყობს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას სამოქალაქო, მშვიდობიანი წინააღმდეგობის რესურსი არა მარტო ჰქონდეს, არამედ გაზარდოს და კიდევ უფრო განავითაროს. სწორედ მშვიდობიანი, კანონიერი სამოქალაქო წინააღმდეგობისა და პროტესტის საერთო შესაძლებლობებია ის ძალა, რაც დიდწილად განაპირობებს დემოკრატიის ხარისხს ამა თუ იმ საზოგადოებაში. ქვეყანა, სადაც არ იციან, თუ როგორ მოახერხონ ორგანიზება პოლიტიკური მიზნებისთვის, ვერ იქნება დემოკრატიული, რადგანაც დემოკრატია იქმნება არა ვიღაცის კეთილი ნების შედეგად, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკური ბრძოლით მოიპოვება. სწორედ ასეთი ბრძოლის რესურსის დაგროვება არის უაღრესად არსებითი საქართველოსთვის და ეს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანია და სცდება მოკლევადიან პარტიულ ინტერესებს. 

ეს ასევე ეხმარება ახალ თუ ძველ პოლიტიკურ პარტიებს, დახვეწონ და განავითარონ საკუთარი ორგანიზაციული უნარები, იპოვონ ახალი მხარდამჭერები, შეეცადონ და აამაღლონ ან მოიპოვონ ნდობა მათ მიმართ და შეავსონ ის ნაპრალი, რაც პარტიებსა და საზოგადოების დიდ ნაწილს შორის არსებობს. მოგვწონს თუ არა რომელიმე პარტია, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, რადგან წარმომადგენლობითი დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც დღეისათვის არსებობს მსოფლიოში,  პოლიტიკური ორგანიზაციების გარეშე ჯერჯერობით ვერ იმუშავებს. 

ასე რომ, ეს საპროტესტო მოძრაობა მნიშვნელოვანია, როგორც მისი უშუალო ამოცანის რეალიზების მხრივ – არ დაუშვას საარჩევნო რეფორმის შესახებ დადებული პირობის დარღვევა, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაშიც – შეინარჩუნოს და განავრცოს დემოკრატიული, მშვიდობიანი წინააღმდეგობის სტრატეგიული რესურსი საქართველოში.  სწორედ ასეთი გამოცდილებით შევძლებთ დემოკრატიული პოლიტიკისათვის უკეთ ბრძოლას იმის მიუხედავად, თუ როგორი პოლიტიკური სეზონი ან ამინდია ქვეყანაში. 

ამიტომ დღეს, როდესაც ზოგიერთი მიმომხილველი იმას ითვლის, თუ რამდენი ადამიანი ეტევა ერთ კვადრატულ მეტრზე, ხოლო ზოგიერთი ტელეკომპანია (იმედი) სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციით არის დაკავებული, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი, ზოგჯერ შეუმჩნეველი, მაგრამ არსებითი პროცესების დანახვა და რაციონალიზაცია, მათგან უფრო უკეთესი შედეგების მისაღებად.

როდესაც ბოლო დროის პირველი მასშტაბური გამოსვლა მოეწყო თბილისში (ღამის კლუბებზე საპოლიციო რეიდის შემდეგ), მაშინ ეს პროტესტი (რომელიც, ბუნებრივია, არც ერთგვაროვანი და არც იერარქიულად ორგანიზებულია) ახალგაზრდული, გამოუცდელი და გარკვეულწილად ნაივურიც იყო: ბევრს ეგონა, რომ პოლიტიკურ შედეგებს პოლიტიკოსების გარეშე მიიღებდნენ. შედეგად, ისინი მწარედ იმედგაცრუებული აღმოჩნდნენ. მაგრამ დღეს სამოქალაქო პროტესტი ბევრად უფრო მომწიფებული და უკეთ ორგანიზებულია მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი დგას ხოლმე ღამით პარლამენტის წინ რომელიმე კონკრეტულ დღეს. ლეგიტიმური ამოცანების დასახვა, კარგი ორგანიზება, საერთაშორისო და ადგილობრივი აზრის ფორმირება, პოლიტიკოსების ქცევაზე ზეგავლენა, ახალი მოკავშირეებისა და მხარდამჭერების მოძიება, საინფორმაციო ფონის შეცვლის ღონისძიებები – ეს ის ამოცანები და საერთო გამოცდილებაა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პოლიტიკისთვის.

საქართველოში უკიდურესად რთული იქნება ოპოზიციის  განადგურება, კრიტიკული მედიის სრული ჩახშობა და სამოქალაქო პროტესტის ბოლომდე აკრძალვა. ციხეების მანიფესტანტებით ამოვსებას თავისი პოლიტიკური, დიპლომატიური და ფინანსური ფასი ექნება, აქაც და გლობალურადაც და ბოლოს ეს ფასი გადააჭარბებს საარჩევნო რეფორმის თუ მთავრობის შენარჩუნების ღირებულებას. ამიტომაც, იმის მიუხედავად, თუ როდის დასრულდება ბრძოლა საარჩევნო რეფორმისთვის, ამ ბრძოლიდან საქართველო კიდევ უფრო გაძლიერებული დემოკრატიით გამოვა და ჩვენ ყველას უკეთ გვეცოდინება, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ინტერესებისთვის. 

სამწუხაროდ, შეუძლებელია ერთხელ და სამუდამოდ „დაამყარო“ დემოკრატია ქვეყანაში და შემდეგ მშვიდად აკეთო სხვა საქმე. დემოკრატიას, თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, მთავრობის ანგარიშვალდებულებას მუდმივად სჭირდება მოქალაქეების ყურადღება და საჭიროების შემთხვევაში დაცვა, როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, და როგორც თბილისში, ისევე ჰონგ-კონგში. ამ მხრივ ყველა თაობას თავისი ბრძოლა ექნება და ეს არის არა ერთ წრეზე ტრიალი, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე გულგატეხილი ადამიანები და ზოგჯერ მათ შორის მეც, არამედ იმ დაუსრულებელი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ყველა თავისუფალ საზოგადოებას ექნება ყველა ეპოქაში. 

თავისუფლებაში ცხოვრება არა მხოლოდ პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა, რომელიც ხშირად ზამთრის სუსხიან ღამეს ქუჩის დემონსტრაციაში მონაწილეობაზე გადის. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ბევრად უფრო უკეთესი და ღირსეული გზაა, ვიდრე შეშინებული, გაყიდული, გაჩუმებული და სახლებში შეკეტილი ადამიანების ის დიდი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია.


ავტორის შესახებ: 

ლევან ცუცქირიძე ორგანიზაცია ” აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)” აღმასრულებელი დირექტორია. მანამდე მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორად და სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველი ფაზის პროექტის მენეჯერად. ასევე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში.“

ლევან ცუცქირიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის პოლ  ნიცზეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესებია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხები.


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული სტატიები გამოხატავს ავტორის/კომენტატორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს ნეტგაზეთის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი