ახალი ამბები

ომბუდსმენი: სახელმწიფო შეკრების უფლების დაცვის ვალდებულებას სათანადოდ არ ასრულებს

10 დეკემბერი, 2019 • 2993
ომბუდსმენი: სახელმწიფო შეკრების უფლების დაცვის ვალდებულებას სათანადოდ არ ასრულებს

სახალხო დამცველი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს 2019 წელს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეკრების უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ომბუდსმენის თქმით, შეკრების, მათ შორის სპონტანური აქციების, მიზეზი ხშირად პოლიტიკური შეხედულებების ან რაიმე საკითხთან დაკავშირებული პროტესტის გამოხატვა იყო, მაგალითად, უსაფრთხო გარემოში შრომის, ჰესების მშენებლობის და სხვა თემები.

სახალხო დამცველის თქმით, არაერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ძალადობრივი დაჯგუფებების და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ შეკრების უფლების საფარქვეშ ორგანიზებულ მსვლელობებს და აქციებს, რომლებიც უმცირესობათა უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული და ცალკეულ შემთხვევაში თან ახლდა ძალადობრივი ქმედებებიც.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა. 20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სანამ აქცია ძალის გამოყენებით შეწყდებოდა,, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

მოცემულ შემთხვევაში, სახალხო დამცველის შეფასებით, გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები.

ომბუდსმენის ასევე ყურადღებას ამახვილებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტებზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე ძალის გამოყენებით დაშალეს:

“მართალია, მოცემულ შემთხვევაში, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას.

მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე, არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის”, – წერია ომბუდსმენის შემაჯამებელ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნული ტიპის შეკრებებისგან განსხვავებული იყო სახელმწიფოს რეაგირება აგრესიული, მოძალადე და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ დაგეგმილ შეკრებებთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის თქმით, ამ კუთხით საყურადღებოა ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტები:

“ამ შემთხვევებში არაერთი ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა, რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს”, – ამბობს სახალხო დამცველი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველი მიიწვია 20-21 ივნისს უფლებათა დარღვევების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით.

ომბუდსმენის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2019 წლის 2 ივლისიდან ეცნობიან საქმის მასალებს.

გამოძიების პროცესში სახალხო დამცველმა 5 წინადადებებით მიმართა პროკურატურას რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების მიერ ამ დროისთვის მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა სახალხო დამცველის წინადადებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი