ახალი ამბები

მაქარაშვილის, კაჭარავას და ბერძენიშვილის საჩივარი ევროსასამართლოში დარეგისტრირდა

22 სექტემბერი, 2020 • 1565
მაქარაშვილის, კაჭარავას და ბერძენიშვილის საჩივარი ევროსასამართლოში დარეგისტრირდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზუკა ბერძენიშვილის საჩივარი დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ მათი იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი ავრცელებს.

მარიკაშვილის განმარტებით, საჩივარი 2019 წლის 18 ნოემბრის აქციის დაშლას, მოსარჩელეების დააკავებას და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ეხება: ევროპული კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლები და მე-7 ოქმის მე-2 მუხლი. მე-6 მუხლი სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას ეხება, მე-11 მუხლი- შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ხოლო მე-7 ოქმის მეორე მუხლი- სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.

“შეგახსენებთ, რომ ეს მოვლენები პარლამენტის მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება. მინდა აღვნიშნო, რომ სამივე საქმე არის მეტად საინტერესო. ვიმედოვნებ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოში რეალური სამართლებრივი ცვლილებებისთვის”, – დაწერა მარიკაშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე. ამასთან, საჩივართან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა გიგა მაქარაშვილმაც. მისი თქმით, ისინი არ ითხოვენ კომპენსაციას და მათი მიზანი მხოლოდ სამართლის დადგენაა.

“სტრასბურგებში ვაფრინეთ ჩვენი ამბავი და 6 თვის თავზე საქმე, სახელწოდებით: მაქარაშვილი/ბერძენიშვილი vs ქართული ოცნება წარმოებაში მიიღეს! პროპორციულის მოთხოვნისთვის რომ გამოგვამწყვდიეს და კიდევ ერთხელ შეარცხვინეს ქვეყნის იმიჯი, აი, მაგ საქმეს ეგრე ვერ დავტოვებდით! ბუნებრივია, კომპენსაცია არ მოგვითხოვია, ჩვენივე გაუბედურებული ხალხის ჯიბიდან კაპიკს არ ავიღებთ, მაგრამ მივიღებთ ბევრად მეტს, სამართალს”, – დაწერა მაქარაშვილმა ფეისბუკზე.

2019 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ვერ დამტკიცდა კანონპროექტი 2020 წლისთვის პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ოპოზიციამ, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა პარლამენტთან აქციები დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. 2019 წლის 18 ნოემბერს მიმდინარე აქცია კი სპეცდანიშნულების რაზმებმა დაშალეს და 37 ადამიანი დააკავეს. მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებოდნენ. მათ შორის იყვნენ მაქარაშვილი, კაჭარავა და ბერძენიშვილი, რომელთაც 12, 4 და 7- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობები შეეფარდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი