ახალი ამბები

აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორად მაია თოდუა რჩება

27 ნოემბერი, 2019 • 2043
აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორად მაია თოდუა რჩება

საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ პირველად, როგორც ცალკე სამართლის იურიდიულმა პირმა, შეიმუშავა წესდება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დაამტკიცა. წესდების თანახმად, ობსერვატორიის ახალ დირექტორს ახლად შექმნილი სამეცნიერო საბჭო აირჩევს. სამეცნიერო საბჭოს შექმნამდე კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, დირექტორად კვლავ მაია თოდუა რჩება.

საქართველოს ასტრონომიული კავშირის თავმჯდომარის, თეიმურაზ კვერნაძის განმარტებით, წესდების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია აბასთუმნის ობსერვატორიისთვის, რადგან ობსერვატორიას ამ დრომდე არ ჰქონია დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ობსერვატორიისა და მისი თანამშრომლების საქმიანობას განსაზღვრავდა:

“ადრე საერთოდ არ გვქონდა მსგავსი დოკუმენტი, რაც არეგულირებდა ობსერვატორიის საქმიანობას, ეს ყველაფერი კი მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ხდებოდა. უნივერსიტეტის მარეგულირებელი დოკუმენტები კი არ იყო ცნობილი ჩვენთვის (თანამშრომლებისთვის)”, – ამბობს კვერნაძე და აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც წესდების დამტკიცებას მოჰყვება, არის სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც განსაზღვრავს დირექტორის ვინაობას და ასევე აქტიურად იქნება ჩართული ობსერვატორიისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხში.

კვერნაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ წესდების დამტკიცების შემდეგ აუცილებელი გახდა კონკურსის ჩატარება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლად უნდა გაფორმდეს. თანამშრომლები, რომლებსაც მთავარი მეცნიერ- თანამშრომლის სტატუსი აქვთ, ავტომატურად ხდებიან სამეცნიერო საბჭოს წევრები.

აბასთუმნის ობსერვატორიას, როგორც დამოუკიდებელ სსიპ-ს, საშუალება აქვს, შეიმუშაოს და სახელმწიფოს წარუდგინოს ბიუჯეტის განსაზღვრის საკუთარი გეგმა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი თანხები.

ობსერვატორიის მოქმედი დირექტორის, მაია თოდუას თქმით, იგეგმება ბიუჯეტის გაზრდაც. ასევე შეიქმნება დამატებითი სამსახურები და დაემატება შტატები. თოდუას განმარტებით, ამ თემებთან დაკავშირებით ობსერვატორიის თანამშრომლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, სადაც განიხილებოდა რეორგანიზაციისა და ობსერვატორიის მომავალი განვითარების საკითხები, ახალი ტელესკოპის დადგმა და ტექნიკური მოდერნიზაცია.

ობსერვატორიის მკვლევრის, თეიმურაზ კვერნაძის განმარტებით, მათ მიიღეს სიტყვიერი დაპირება ობსერვატორიის ბიუჯეტის 30%-ით ზრდასთან დაკავშირებით. ამჟამად კი ობსერვატორიის ბიუჯეტი 1.8 მლნ ლარით განისაზღვრება.

აბასთუმნის ობსერვატორიის წესდება 20 ნოემბრით თარიღდება, თუმცა, თეიმურაზ კვერნაძის თქმით, წესდება 25 ნოემბრიდან შევიდა ძალაში.

საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია 2019 წლის 30 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩამოერთვა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დადგენილებით სსიპ-ად ჩამოყალიბდა.

აბასთუმნის ობსერვატორიის ბუნდოვანი მომავალი 

მასალების გადაბეჭდვის წესი