ახალი ამბებისაზოგადოება

აბასთუმნის ობსერვატორიის ბუნდოვანი მომავალი 

9 ოქტომბერი, 2019 • 2950
აბასთუმნის ობსერვატორიის ბუნდოვანი მომავალი 

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, გამოეყოს აბასთუმნის ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდეს, მაშინ როცა ჯერ არ აქვს [ ან არ ასაჯაროებს] გეგმა ობსერვატორიის განვითარებასთან დაკავშირებით და რამდენად უკავშირდება ეს ცვლილება ბიძინა ივანიშვილის პროექტებს აბასთუმანში? 

მოულოდნელი ცვლილება ზემოდან 

30 სექტემბრითაა დათარიღებული მთავრობის დადგენილება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და რომლის მიხედვითაც  აბასთუმნის ობსერვატორია გამოეყოფა ილიას უნივერსიტეტს და ცალკე სსიპ-ის სტატუსით განაგრძობს ფუნქციონირებას. თუმცა, როგორც “ნეტგაზეთმა” გაარკვია, ამ დრომდე არ არსებობს   დამოუკიდებელი ობსერვატორიის სამომავლო სამოქმედო გეგმა. 

თავად ობსერვატორიის თანამშრომლებმა სწორედ დადგენილების გასაჯაროების შემდეგ შეიტყვეს ამ ცვლილების შესახებ და ამბობენ, რომ მომავლის ხედვა ამ დრომდე არ არსებობს. 

“სამოქმედო გეგმა ობსერვატორიის წარმომადგენლების გარეშე ვერ გაკეთდებოდა, კონკრეტული გეგმის შემუშავების დაწყებას კი ახლა ვგეგმავთ ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუამ.  

თოდუა ამბობს, რომ ინფორმაცია ობსერვატორიის ილიაუნიდან გამოყოფის შესახებ მისთვისაც უცნობი იყო.

 “ეს არის ერთადერთი ობსერვატორია მთელ საქართველოში და ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი. სამინისტროდან როგორც გვითხრეს, მათ აქვთ მიზანი, რომ კიდევ უფრო განავითარონ ეს მიმართულება”, – ამბობს ამჟამინდელი დირექტორი.  

როგორც თოდუა ამბობს, ამ მიზანზე ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განათლების და მეცნიერების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუმცა, თოდუას განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა გზებით გეგმავს სამინისტრო აღნიშნულის შესრულებას. მისივე თქმით, ობსერვატორიის თანამშრომლები სწორედ ამ მომენტში მუშაობენ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც მათ უსაფრთხოების გარანტიას მისცემს: 

“ჩვენ მიერ წაყენებულ მოთხოვნების ჩამონათვალში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების გამოყოფა გვსურს, მათ შორის, ბიუჯეტის გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და, რაც ყველაზე მთავარია, ტექნიკური რეაბილიტაცია”. 

როგორც ობსერვატორიის დირექტორი განმარტავს, არსებული ტელესკოპების რეაბილიტაცია, ან ახლის შეძენა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და რომელიმე კონკრეტული უნივერსიტეტი ამასთან გამკლავებას ფინანსურად ვერ მოახერხებს.

აბასთუმნის ობსერვატორიის საკუთრებაში ამჟამად 10-მდე ტელესკოპია, თუმცა მათი უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების თანამშრომლებს მხოლოდ 4 მოქმედი ტელესკოპით სარგებლობა შეუძლიათ.  

თოდუას განმარტებით, სამინისტროსთან შეხვედრისას მათ მიიღეს დაპირება ტელესკოპების რეაბილიტაციასთან, ან ახლის შეძენასთან დაკავშირებით, თუმცა, მოახერხებს თუ არა სახელმწიფო ძვირადღირებული ტელესკოპების შეძენას, ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ობსერვატორიის თანამშრომლები მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც მთავრობის წარმომადგენლები მათ მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას განიხილავენ. 

“მივიღეთ დაპირებები, რომ ჩვენი ინტერესები იქნება დაცული, თუმცა უფრო კონკრეტული პასუხები მას შემდეგ გვეცოდინება, რაც ოფიციალურ მოთხოვნებს წარვუდგენთ სამინისტროს”, – განმარტავს თოდუა. 

თოდუას თქმით, მათ ასევე სჭირდებათ გარანტიები, რომ არ მოხდება სამეცნიერო დაწესებულების გასხვისება, ან მისი ლიკვიდაცია.  

[red_box]ბუნდოვანი გადაწყვეტილება მკვლევრისთვის [/red_box]

ობსერვატორიის მკვლევრის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორის და ობსერვატორიის ყოფილი დირექტორის, გიორგი ჯავახიშვილის თქმით, მისთვის უცნაურია ის ფაქტი, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ჩამორთმევამდე, მათთან, თანამშრომლებთან  არავითარი კონსულტაციები არ გაუვლიათ: 

“რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ობსერვატორიის თანამშრომლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წინსვლა, თუმცა ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, ჯერ დაგვენახა ის ცვლილებები, რასაც სამინისტრო გვპირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეყოთ უნივერსიტეტისგან”, – განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

მან ასევე გაიხსენა 2013 წელი, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უზურფრუქტით გადაცემული ობსერვატორია დროებით ჩამოერთვა და სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა: 

“დღესდღეისობით ყველაფერი ბუნდოვანია, შეიძლება ძალიან კარგადაც გაკეთდეს, თუმცა მე მახსოვს, 4 წლის წინ, როდესაც ილიას უნივერსიტეტს ჩამოერთვა ობსერვატორია, იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ დენის ფულსაც ვერ ვიხდიდით. ტენდენცია რომ მიდის გაკეთებისკენ, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ვერ ვხედავ, რა იქნება მომავალში”, – ამბობს ჯავახიშვილი.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურს “ნეტგაზეთთმა” წინა კვირას მისწერა შეკითხვები პოზიციის დასაზუსტებლად, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია, თუმცა უწყების გავრცელებულ განცხადებაში წერია: 

 “ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში. 

ობსერვატორიის ყოფილი დირექტორის, გიორგი ჯავახიშვილის თქმით კი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ილიას უნივერსიტეტთან ერთად ყოველთვის თანამშრომლობდა სხვა უნივერსიტეტებთანაც. 

მისი თქმით, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შედეგად უკანასკნელი 10 წლის განმვლობაში სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ მიიღო 20-მდე პირი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ობსერვატორიასთან. რაც შეეხება კონკრეტულად ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა განმარტავს, რომ მანამ, სანამ სამეცნიერო დაწესებულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოახდენდა ინტეგრაციას, გაცილებით სავალალო მდგომარეობა იყო ტექნიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც აფერხებდა მკვლევრების დაინტერესებას.  

[blue_box]ბიძინა ივანიშვილის ინტერესები აბასთუმანში [/blue_box]

აბასთუმანი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანს ესტუმრა და კურორტით დაინტერესდა. 

ივანიშვილის ინიციატივით და ქართუ ფონდის დაფინანსებით, აბასთუმანში 1924 წელს აშენებული ტუბსაავამდყოფო გაუქმდა, ახალი  კი  “ფილტვის ცენტრის” სახელით გაიხსნება სხვა ადგილას, წიწვოვანი ხეობიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის მოშორებით, სოფელ აბასთუმნის შესასვლელთან. ყოფილი სანატორიუმის შენობა ახლახან “აჭარა ჯგუფმა” შეიძინა და იქ  სასტუმრო “რუმსის” აშენებას გეგმავს. 

45- წლიანი იჯარით მიიღო სახელმწიფოსგან დიდი ტერორორია “აბასთუმანი 2019”-მა, რომლის მფლობელიც პანამაში დარეგისტრირებული კომპანიაა და სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 

2019 წელს აბასთუმანში რამდენიმე კერძო საკუთრება შეიძინა ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილმა. 

“აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში. თითოეულმა უნდა მოვახერხოთ მუხლჩაუხრელი შრომით აბასთუმანი გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში”, – განაცხადა ივანიშვილმა 2019 წელს. 

[yellow_box]ობსერვატორიის სასტუმროები [/yellow_box]

აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ოსბერვატორია 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთს ფლობს მთა ყანობილის ტერიტორიაზე, ასევე- ორ სასტუმროს. ობსერვატორიასთან ერთად, ჯერჯერობით ბუნდოვანია მათი მომავალიც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი