საზოგადოება

“ვითხოვთ, შეგვიშვან ბინებში” — რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის დასახლებაში

13 ივნისი, 2023 • 3143
“ვითხოვთ, შეგვიშვან ბინებში” — რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის დასახლებაში

აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებს იქვე მდებარე საცხოვრებელ ბინებში შესვლის უფლება შეუზღუდეს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით, თუმცა მანამდე, პანდემიის მიზეზით.

საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.

ძველი თანამშრომლებიდან ზოგიერთი ახლაც ამ ბინებში ცხოვრობს. პირველი თაობების წარმომადგენელთა შვილები და შვილიშვილები დასახლებაში ხშირად ჩადიან და ახალ წელს თუ საზაფხულო არდადეგებსაც იქ ატარებენ.

თუმცა ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ტერიტორიაზე შესვლა მეტად გართულდა. არათანამშრომელთა მიმართ მისი ხისტი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ოჯახებმა არ იციან, ოდესმე კვლავ შეძლებენ თუ არა, დაუბრკოლებლად შევიდნენ ბინებში, რომლებთანაც მრავალი წელი და მოგონება აკავშირებთ.

როგორ და რატომ შეიზღუდა ბინებში შესვლა

ოთხი საცხოვრებელი კორპუსი დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ასტროფიზიკური ობსერვატორიის სიახლოვეს დგას. დასახლებაში ერთი შესასვლელია, რომელშიც ჭიშკარია ჩაყენებული. უკანასკნელ წლებში ჭიშკრის მიღმა მოხვედრა ეტაპობრივად გართულდა.

ყველაფერი 2020 წელს, პანდემიის კრიზისის პარალელურად დაიწყო. ობსერვატორიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებს ადმინისტრაციამ კრიზისის თანმდევი რეგულაციებით შეუზღუდა დასახლებაში შესვლა.

“ტერიტორიაზე გადაადგილების [შეზღუდვა იყო] ისევ და ისევ იქაური მცხოვრებლების უსაფრთხოების გამო. ჩვენც დავიცავით წესები”, — გვეუბნება თეონა ტოროშელიძე, რომლის მშობლებიც 1959 წლიდან მუშაობდნენ ობსერვატორიაში.

მამამისი ასტროფიზიკოსი იყო, დედა — ინგლისურის სპეციალისტი და თარჯიმანი. ახლა ორივე მათგანი გარდაცვლილია.

თეონა ტოროშელიძე. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თეონა ტოროშელიძე აღნიშნავს, რომ ობსერვატორიის ხელმძღვანელობამ შეზღუდვები ძალაში დატოვა მას შემდეგაც, რაც ქვეყანაში პანდემიის კრიზისთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა. გარკვეული ხნის შემდეგ ოჯახების წევრებს დასახლებაში შესვლის ნება დართეს, თუმცა, შეზღუდული რაოდენობით და ადმინისტრაციის წინასწარ გაფრთხილების პირობით.

“ეს ხდებოდა სიებით: ოჯახის წევრების ჩამონათვალი იყო გადაცემული და ერთდროულად ერთი ოჯახის მხოლოდ 5 წევრს შეეძლო [დასახლების ტერიტორიაზე] შესვლა”, — დასძენს ტოროშელიძე.

ეს მოცემულობა მიმდინარე წლის 10 მაისამდე გაგრძელდა. სწორედ ამ რიცხვით თარიღდება ობსერვატორიის დირექტორის, რეზო ჭანიშვილის ბრძანება, რომლის ძალითაც ოფიციალურად შეიცვალა ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების წესები. მიზეზად ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასახელდა.

ბრძანების მიხედვით, ტერიტორიაზე აკრძალულია უცხო პირთა შესვლა, გარდა ექსკურსიების მონაწილეებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული პირებისა. დოკუმენტში უცხო პირადაა მიჩნეული ყველა სხვა ადამიანი, ვინც ობსერვატორიაში დასაქმებული არ არის.

თანამშრომლებს, რომელთა ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს ობსერვატორიის თბილისის ოფისი, “ეთხოვათ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი” მთა ყანობილზე ვიზიტისგან.

ერთ-ერთი საცხოვრებელი კოსპუსი მთა ყანობილზე

“იმ თანამშრომლის ოჯახის წევრის ობსერვატორიაში სტუმრობისთვის, რომლის ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს ეს ტერიტორია, სავალდებულოა, შესაბამისმა თანამშრომელმა მოხსენებითი ბარათით მიმართოს დირექტორს სტუმრის (ოჯახის წევრის) ვინაობის და სტუმრობის ვადის მითითებით.

ობსერვატორიის დირექტორის თანხმობის გარეშე სტუმარი (ოჯახის წევრი) ობსერვატორიაში არ დაიშვება”, — წერია ბრძანებაში.

დოკუმენტი ნათელს ხდის, რომ ის ადამიანები, რომელთაც ობსერვატორიაში აღარავინ ჰყავთ — ანუ მათი მშობლები თუ ბებია-ბაბუები აღარ მუშაობენ ან გარდაიცვალნენ — ტერიტორიაზე შესვლას, ბრძანების გაუქმებამდე, პრაქტიკულად ვეღარ შეძლებენ.

რატომ არ ეთანხმებიან ოჯახები ადმინისტრაციას

ობსერვატორიის მოქმედი და თანამშრომლების ოჯახების წევრები ადმინისტრაციის არგუმენტს არ იზიარებენ: ამბობენ, რომ ტერიტორიაზე მათი ყოფნა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს არ შეუშლის და არც ვინმეს ჯანმრთელობა თუ უსაფრთხოება დადგება რისკის ქვეშ.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ AZT-11-ის ტელესკოპის შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, საცხოვრებელი კორპუსებიდან მოშორებით არის განთავსებული.

სარეაბილიტაციო ობიექტისა და კორპუსების მდებარეობა 

“ის ტერიტორია, სადაც რეაბილიტაცია მიდის, საერთოდ ცალკე დგას და როგორც წესი და რიგია, ისეა შემოღობილი. იქ საერთოდ საქმე არ გვაქვს. ჩვენი სახლები, სადაც ვცხოვრობთ, ცოტა მოშორებულად დგას. ამიტომ ვერ ვხვდებით ასეთი მკაცრი ზომების მიზეზს”, — დასძენს თეონა ტოროშელიძის ძმა, ლევან ტოროშელიძე.

იგი, რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, ობსერვატორიის დირექტორს დაახლოებით 2 კვირის წინ შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულებმა დირექტორის პირობები სხვა ოჯახებსაც გააცნეს. დარწმუნდნენ რა, რომ დასახლებაში შესვლა პრაქტიკულად სრულად აუკრძალეს, მათი ნაწილი 10 ივნისს აბასთუმანში ჩავიდა და ბინებში შეშვება მოითხოვა.

იქ ჩასულები უკან გამოაბრუნეს, დირექტორმა ჭანიშვილმა კი თქვა, რომ ადგილზე გაუფრთხილებლად ჩასვლით ოჯახები “პროვოკაციაზე” წავიდნენ.

ბინებით მოსარგებლეები, ავტომობილები და პოლიციის მანქანა დასახლების შესასვლელთან 10 ივნისს. ფოტოები: ანდრო ბორბორიანი 

“ეს არ არის პროვოკაცია. [ადამიანებს] თავიანთ სახლებში უნდოდათ შესვლა… [დირექტორს] შეეძლო, ეთქვა, რომ კი ბატონო, მხოლოდ ოჯახის წევრები ჩაბრძანდით, 2-3 ადამიანი ერთ ბინაში. შეთანხმებით ჩავიდოდით.

გაეკეთებინა ასე და არანაირი კონფლიქტი არ იქნებოდა. ახლა ჩვენ პრინციპულად ვდგავართ”, — ამბობს ლევან ტოროშელიძე დირექტორის პასუხად.

ლევან ტოროშელიძე მეზობლებთან ერთად დგას შენობაში, რომელშიც აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის ოფისია განთავსებული. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

რეზო ჭანიშვილის ბრძანების შინაარსს არ იზიარებს ნუგზარ სიგუაც, რომლის ასტროფიზიკოსი მამა, როლანდ სიგუა, ამ დრომდე საქმიანობს ობსერვატორიაში. როგორც მოქმედი თანამშრომლის შვილს, დასახლებაში შესვლა შეუძლია, თუმცა მამამისმა ყოველ ჯერზე განცხადება უნდა დაწეროს და დირექტორს გაუგზავნოს, რათა ვაჟის მასპინძლობის ნებართვა მიიღოს.

“ხომ შეიძლება, დირექტორმა გააკეთოს იმათი სია, ვინც ითვლება შესვლის და დარჩენის უფლების მქონედ? გააკეთოს ეს სია და არ იყოს გადარეკვა-გადმორეკვა, განცხადებების წერა…”, — დასძენს სიგუა, რომელმაც ბავშვობა და მოზარდობა ობსერვატორიის ტერიტორიაზე გაატარა.

როგორც ამბობს, სხვა არაერთი თანამშრომლის შვილების მსგავსად, იურიდიულ მისამართად ახლაც მთა ყანობილი აქვს დაფიქსირებული.

ვის ეკუთვნის სახლები

ობსერვატორიის მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს, ისევე როგორც მათი ოჯახების წევრებს, ბინები საკუთრებაში არ აქვთ. თუმცა ოჯახები ამბობენ, რომ საცხოვრებელი ფართების “მართლზომიერი მფლობელები” არიან, ვინაიდან ბინებს ისინი განაგებენ, გარკვეული პერიოდულობით ცხოვრობენ და საჭიროების შემთხვევაში არემონტებენ.

“მე და ჩემი ძმა იქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩვენი სახლი იყო ის, სულ იქ ვცხოვრობდით. ყოველი კუთხე-კუნჭული ჩვენთვის იქ არის ძვირფასი.

წარმოიდგინეთ, სახლზე, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ, გეუბნებიან, რომ ვერ შეხვალთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ მისი მართლზომიერი მფლობელები.

სახელმწიფომ მომცა საცხოვრებლად და შემიშვა [ამ ბინაში]… სანამ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება სახელმწიფოს მიერ მიღებული, დღეის მდგომარეობით ის [ბინა] არის ჩემი”, — ამბობს ნანა ჩერქეზიშვილი, რომლის მშობლებიც ობსერვატორიაში მუშაობდნენ.

ნანა ჩერქეზიშვილი (მარჯვნივ) მეზობელთან ერთად. ფოტო: ანა მჭედლიშვილი

ასეთია მისი მეზობლების პოზიციაც: სანამ სახელმწიფო კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბინებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ და იქ შესვლის შეზღუდვებსაც არ შეეგუებიან.

“თუ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბინები უნდა დავცალოთ, გასაგებია. მაგრამ დღეს არ არის ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. მაშინ რატომ გვებრძვიან?” — კითხულობს ლევან ტოროშელიძე.

ამჟამად აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს ექვემდებარება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. რაც შეეხება იქვე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ისინი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ობსერვატორიას უვადო სარგებლობაში აქვს გადაცემული.

შეზღუდვების დაწესების ფონზე, თანამშრომელთა ოჯახების წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციას წერილით მიმართეს და ბინების საკუთრებაში გადაცემა მოითხოვეს.

წერილი, რომლითაც მთავრობის ადმინისტრაცია ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებს ყანობილის ოჯახების საკითხზე ატყობინებს. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ადმინისტრაციამ ხსენებული წერილი განსახილველად შესაბამის სამინისტროებს გადაუგზავნა და ხელმომწერი მოქალაქეები ბინების “მფლობელებად/მუდმივ მცხოვრებლებად” მოიხსენია.

ეს ფაქტი ოჯახების წევრებს გარკვეულ იმედს უჩენთ, თუმცა ობსერვატორიის დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე 3 წლის წინ დანიშნეს, განმცხადებელთა ოპტიმიზმს “მიამიტობას” უწოდებს.

რეზო ჭანიშვილი დასძენს, რომ მთავრობამ ეს ადამიანები იმავე ტერმინებით მოიხსენია, რომლებიც თავად გამოიყენეს პირველ წერილში და ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს თანამშრომელთა ოჯახების წევრები ბინების მფლობელებად მიაჩნია.

“უცხო ხალხი, უკანონობა” — დირექტორის ცალსახა პოზიცია

10 ივნისს მომხდარის შემდეგ, 12 ივნისს, თანამშრომელთა ოჯახების წევრები მედიასთან და დირექტორთან შესახვედრად აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის ოფისში მივიდნენ. რეზო ჭანიშვილი ადგილზე მოგვიანებით, მედიის თხოვნით გამოცხადდა, თუმცა შეკრებილებს გვერდი აუარა, კვლავ პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.

“ბინები იქ იმისთვისაა აშენებული, რომ თანამშრომლებმა იცხოვრონ! სადმე გინახავთ, რომ ინსტიტუტში უცხო ხალხი ცხოვრობდეს?” — გვითხრა ჭანიშვილმა, რომლის ოფისიც დედაქალაქის ცენტრში, ვერის ბაღში მდებარეობს.

“რას მელაპარაკებით, რომ თუ წლების განმავლობაში გრძელდება უკანონობა, დავაკანონოთ? ცხადია, უკანონობაა”, — დაამატა მან და იქვე დასძინა, რომ ეს ადამიანები დასახლებაში “ზაფხულობით, დასასვენებლად” დადიან.

როცა ჭანიშვილს ჟურნალისტმა უთხრა, ეს ადამიანები შიშობენ, რომ შესაძლოა, ბინებით ვეღარასდროს ისარგებლონო, დირექტორმა თქვა:

“მე თუ მკითხავთ, ეგრეც უნდა იყოს”.

რეზო ჭანიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

როგორც ამბობს, ბინების საკუთრების ნაწილში ოჯახებთან დავაში არ შედის, ვინაიდან საცხოვრებელი ფართები სახელმწიფოს საკუთრებაა და არა — ობსერვატორიის. რაც შეეხება ადგილზე არათანამშრომელთა დაშვების საკითხს, ჭანიშვილი იმავე არგუმენტს იმეორებს, რომელიც მანამდე ბინებით მოსარგებლეებს დაუსახელა: სარეაბილიტაციო სამუშაოები და უსაფრთხოების რისკები.

“იქ ხალხი მოძრაობს. როცა არიან, სულ იქ ტრიალებენ. იქ არიან ბავშვები. ამ რისკებს ვინ იღებს თავის თავზე?” — აღნიშნავს ის.

ჭანიშვილი დასძენს, რომ არსებული აკრძალვები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე გაგრძელდება. ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრები, რომელთაც განსაკუთრებული საჭიროება ექნებათ — პირადი ნივთის გამოტანა თუ მოხუც მშობელთან ვიზიტი — ადგილზე შესვლას წინასწარი გაფრთხილებით, კონკრეტული ვადით შეძლებენ.

ამჟამინდელი გეგმით, სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს. ამის შემდეგ, დირექტორის თქმით, აღდგება რეჟიმი, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მოქმედებდა — ანუ, ადამიანების დაშვება შეზღუდული რაოდენობით. მისი თქმით, ასე იქნება მანამ, სანამ ბინების საკუთრების საკითხი არ გადაწყდება.

საბოლოო ჯამში, ჭანიშვილს ობსერვატორიის ტერიტორიაზე არათანამშრომელი პირების ცხოვრება მიუღებლად მიაჩნია. მისი თქმით, ტერიტორიაზე დაახლოებით 80 ბინაა, რომელთა ნახევარსაც ადმინისტრაცია ვერ განკარგავს.

“კონფერენცია გვაქვს ჩასატარებელი, [საზაფხულო] სკოლა გვაქვს ჩასატარებელი, უცხოელების მოწვევა გვინდა… ნახევარი ბინები დაკეტილია. უცხოელები რომ ჩამოვლენ და ამას დაინახავენ, როგორ ფიქრობთ, ვინმე სერიოზულად აღიქვამს ამ ინსტიტუტს? მაგათ თუ ეკუთვნით ის ბინები, მოქმედმა თანამშრომლებმა რა დააშავეს?” — გვეუბნება ის.

დირექტორის მიერ ღონისძიებების საკითხზე ხაზგსამის საპასუხოდ, ნუგზარ სიგუა გვეუბნება, რომ როცა წლების წინ, როცა ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ექვემდებარებოდა, იქვე რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბჭოთა დროს აშენებულ ერთ-ერთ სასტუმროს. როგორც სიგუა იხსენებს, სწორედ იქ აბინავებდნენ სასწავლო ღონისძიებებზე ჩაყვანილ სტუდენტებს.

“მინდა, დავრწმუნდე, რომ სხვა არაფერია ამაში ჩადებული”

1932 წელს დაფუძნებულ ობსერვატორიას ამჟამად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. მანამდე ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა 2019 წელს, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ობსერვატორია უნივერსიტეტს გამოეყო.

“ნეტგაზეთისთვის” მაშინ მიცემულ ინტერვიუში ობსერვატორიის აწ უკვე ყოფილი დირექტორი მაია თოდუა იქ არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობდა. ის აღნიშნავდა, რომ 10-მდე ტელესკოპიდან მხოლოდ 4 იყო მოქმედი, დანარჩენები კი მწყობრიდან იყო გამოსული.

რეაბილიტაციას, რომელიც ობსერვატორიას — მათ შორის, AZT-11 ტელესკოპს — ამჟამად უტარდება, დიდწილად მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, აბასთუმნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ივანიშვილმა, რომელიც იქაურობას 2018 წელს სტუმრობდა, თქვა, რომ აბასთუმანი  “ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი” უნდა გამხდარიყო მსოფლიოში.

ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფოტო: Facebook/Sergey Danik

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიხედვით, ივანიშვილის ამ ვიზიტის შემდეგ სახელმწიფომ ადგილზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ორგანიზაცია 2022 წლის კვლევაში დასძენს, რომ ბოლო 4 წელიწადში აბასთუმანში პრივატიზებული ფართის 81.1% სწორედ ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიძინეს.

მთა ყანობილის ბინების ის მოსარგებლეები, რომელთაც “ნეტგაზეთმა” ივანიშვილის ინტერესზე ჰკითხა, ამ ეტაპზე, ვერ საუბრობენ ამ ფაქტორსა და ბინების გარშემო შექმნილ ვითარებას შორის კავშირზე.

არაერთი მათგანი ამბობს, რომ დასახლებაში შესვლის აკრძალვის ოფიციალური მიზეზის არ სჯერა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა შეიძლება იყოს რეალური მიზეზი.

“მინდა, დავრწმუნდე იმაში, რომ არაფერი სხვა აზრი არ არის ამაში ჩადებული და არის რაღაც გაურკვევლობა”, — აღნიშნავს თეონა ტოროშელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი