ახალი ამბები

ვოლსკის აზრით, ახალგაზრდების ნაწილს ემოციური კავშირი არ აქვს ენმ-ის დროს ჩადენილ დანაშაულთან

26 ნოემბერი, 2019 •
ვოლსკის აზრით, ახალგაზრდების ნაწილს ემოციური კავშირი არ აქვს ენმ-ის დროს ჩადენილ დანაშაულთან

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ნაწილს, რომელიც დღეს ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობს, ემოციური კავშირი არ აქვს “ნაციონალური მოძრაობის” დროს პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულთან.

“ჩემი ბიუროს კუთხეში 2004 წელს 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა პირველ შეძახილისთანავე პოლიციას და შემდეგ მეორე კუთხეში საკონტროლო გასროლით მოკლეს. აი, ეს მინდა შევახსენო ახალგაზრდებს. მართალია, ბევრია იქ ორგანიზებული, ყოფილი „კმარელები“, დღევანდელი „კმარელები“, მაგრამ არიან ახალგაზრდები, ვისაც ამასთან ემოციური კავშირი არა აქვს. მაგრამ უნდა ახსოვდეთ, ვის გვერდით დგანან და რა მოთხოვნებს ემორჩილებიან“, – განაცხადა ვოლსკიმ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

გია ვოლსკი საუბრობს 2003-2012 წლის ცხრაწლიან პერიოდზე, როდესაც ხელისუფლების სათავეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო. მას შემდეგ უკვე 7 წელია, რაც ხელისუფლებაში სწორედ “ქართული ოცნებაა”, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც დეპუტატი ვოლსკია.

პოლიციამ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 26 ნოემბერს, დილის 5 საათზე დაშალა. შსს-ს ცნობით კი, 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაშავდა 5 ადამიანი. დეპუტატებმა სწორედ ამის შემდეგ მოახერხეს პარლამენტში შესვლა და პლენარული სხდომის ჩარარება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სხვა დროსაც შეეცდება პარლამენტის პიკეტირებას და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი