„ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ სასულიერო პირებმა ისეთი პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთონ, სადაც რომელიმე პოლიტიკურ მხარეს ბრალს დასდებენ.

ასე გამოეხმაურა ის ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის (იაკობაშვილი) ნათლისღების ქადაგებას, სადაც მან შერიგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა და არც 2012-დან დაწყებულა“.

„მეუფე იაკობი, საერთოდ სასულიერო პირები, ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა სდებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ორივე მხარეს უნდა მოუწოდებდნენ ერთობისაკენ და უნდა იყვნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას, როგორც ეს „მამაო ჩვენოშია“ ნათქვამი. თუმცა არქიმანდრიტმა კვარაცხელიამ დამაბრალა, რომ თურმე მე „მამაო ჩვენოც“ არ ვიცი… ძალიან ცუდია, რომ არქიმანდრიტი იქნება თუ ეპისკოპოსი იქნება, თუ სასულიერო პირი ან არასასულიერო პირი იქნება, რომელიც კონფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ვერ ხედავს იმ მზაკვრულ გეგმას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დასახეს და ამ მზაკვრულ გეგმაში ერთ-ერთი სერიოზული აქტი, ერთ-ერთი სერიოზული მიმდინარეობაა საზოგადოების გახლეჩვა… აზრთა სხვადასხვაობა უნდა იქნას განხილული პარლამენტში და არა ქუჩებში, მით უმეტეს, თუკი მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან ადამიანები. არ შეიძლება, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის მხარეს დადგე და თქვა, რომ საზოგადოება ხელისუფლებამ გახლიჩა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.