ახალი ამბები

პარლამენტის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია – მდინარაძე

26 ნოემბერი, 2019 • 1263
პარლამენტის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და ხელისუფლება ამ დანაშაულის ჩადენის საშუალებას არავის მისცემს.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიისას აქციის დაშლის კომენტირებისას განუცხადა.

“იყო პარლამენტის ბლოკირების მცდელობა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის სსკ-ის 222-ე მუხლით გათავლისწინებული დანაშაული. ჩვენ არ ვართ მოწოდებული, რომ ეს ვინმემ ჩაიდინოს და დავიჭიროთ. პრევენცია ხდება ამ შემთხვევაში, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული კანონდარღვევა. რადგან დანაშაულის პრევენციის უფლება გააჩნია სამართალდამცავებს, ისინი ახდენენ პრევენციას”, – თქვა მდინარაძემ.

სისხლის სამართლის 222-ე მუხლი გულისხმობს ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების, ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ჯერჯერობით სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლის მიხედვით არც ბრალი წარუდგენიათ და არც არავინ დაუკავებიათ.

პოლიციამ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 26 ნოემბერს, დილის 5 საათზე დაშალა. შსს-ს ცნობით კი 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაშავდა 5 ადამიანი.

ოპოზიცია საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებს, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი