ახალი ამბები

სირცხვილია, რომ ოპოზიციამ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა – კრამონი

1 ივლისი, 2020 • 1718
სირცხვილია, რომ ოპოზიციამ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა – კრამონი

ევროპარლამენტისა და DEG-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის მოსაზრებით, სირცხვილია, რომ ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ამის შესახებ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე დღეს, პირველ ივლისს ისაუბრა.

“ბოლო საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში აგრეთვე იყო უმნიშვნელოვანესი, ნამდვილად მისალოცი იყო საქართველოსთვის. ასევე, ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის. სამწუხაროდ, მათ არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც იყო გაშვებული შანსი.

ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილების მიმღებებს ვესაუბრებოდით, მათ ვეუბნებოდით, რომ თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ სრულყოფილების, დემოკრატიის ხარისხი იმით, თუ რა მასშტაბის შესაძლებლობის მიცემა შეგიძლიათ ოპოზიციისთვის. და ეს შემთხვევა იყო კარგი კომპრომისი მათი მხრიდან. ამასთანავე, ეს იყო ნამდვილად სირცხვილი და სამწუხარო, რომ ოპოზიციამ არ გამოიყენა ხმის მიცემის შესაძლებლობა”, – თქვა კრამონმა.


საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. კანონპრეოქტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღდეგი იყო.

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმების დარღვევად არ მიიჩნევენ გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებას და პირიქით, მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი გათავისუფლება იქნება სასამართლო სისტემაში ჩარევა, რაც, როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მართმსაჯულების ჩაურევლობაში გარანტიების შესახებ ნაწილის წინააღმდეგ მიდის. მდინარაძის თქმით, ეს არა შეთანხმების, არამედ ერთობლივი განცხადების ნაწილი იყო, რომელსაც მთავრობა “განგრძობით პერსპექტივაში მუდმივად შეასრულებს”.

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

მასალების გადაბეჭდვის წესი