ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას “პირად ამბიციებზე” უარის თქმისკენ მოუწოდებს

26 ნოემბერი, 2019 • 734
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას “პირად ამბიციებზე” უარის თქმისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელიც პროპორციული სისტემის ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო, ოპოზიციას “პირადი ამბიციების” მოთოკვისკენ მოუწოდებს.

“ყველას უნდა ჰქონდეს ერთი ინტერესი – სახელმწიფო ინტერესი და პირად ამბიციებზე უარი უნდა ვთქვათ. საარჩევნო სისტემა 2020 წლისათვის არ შეიცვლება და დარჩება, როგორც არის”, – ამის შესახებ ხუნდაძემ დღეს, 26 ნოემბერს, პარლამენტის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, სამართალდამცავებმა აქცია დღეს დილით კანონიერად დაშალეს.

“გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა შენარჩუნებული იყოს სამართლებრივი წესრიგი. სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღებთ ქაოტურ სიტუაციას და ამას არ დავუშვებთ”, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა პოლიციის დახმარებით უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს პარლამენტთან მისასვლელი გზები ბლოკირებული აქვთ, ოპოზიციამ მაინც მოახერხა ზოგი დეპუტატისთვის წინ გადადგომა და გადაადგილებაში ხელშეშლა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ისინი ყველგან დახვდებიან “ქართული ოცნების” წევრებს და შეუქმნიან დისკომფორტს.

“ყველგან უნდა იგრძნონ, როგორი კლოუნები არიან. ეს არის ის მინიმალური კლიმატი, რომელსაც ისინი იმსახურებენ”, – უთხრა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

26 ნოემბერს პოლიციამ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 5 საათზე დაშალა, რა დროსაც, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 პირი.

შსს-ს ცნობით კი 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

ოპოზიცია საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებს, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი