ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

2 ივლისი, 2020 • 1102
პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებები დღეს, 2 ივლისს, მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებებს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ერთი.

საუბარია კანონპროექტთა პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა მიიღოს. ახალი კონსტიტუციური ნორმები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით უნდა ჩატარდეს, საარჩევნო კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების გაცხადებული მიზანიც კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია და დახვეწაა.

პაკეტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ინიციატორები კი „ქართული ოცნების“ პარლამენტარები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი.

კანონები, სადაც ცვლილებები შედის, არის:

  • საარჩევნო კოდექსი;
  • კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • სისხლის სამართლის კოდექსი;
  • მაუწყებლობის შესახებ კანონი;

რა წესებით [არ] ჩატარდება 2020 წლის არჩევნები – ცვლილებების განხილვა

მასალების გადაბეჭდვის წესი